ქალაქ ნიუ-იორკში რამდენიმე წუთის წინ სამხედრო ხომალდი "ამერიკის კომფორტი" შევიდა. გემი სრულად არის აღჭურვილი სამედიცინო ტექნიკით და საუკეთესო პერსონალით. გემი შტატს ნიუ-იორკს კორონავირუსის პანდემიის დროს გაუწევს დახმარებას.
რა მნიშვნელობა აქვს ამ გემს ნიუ-იორკელებისთვის? ამის შესახებ "ამერიკის ხმა" ნიუ-იორკის მერს ექსკლუზიურად ესაუბრა. მერი ბილ დე ბლასიო ამბობს, რომ ეს გემი ნიუ-იორკელებს აძლევს იმედს და რწმენას, რომ უხილავ მტერთან ბრძოლაში გაიმარჯვებენ.
"აქ ნიუ-იორკში 8.6 მილიონი ადამიანი ელოდებოდა დიდი იმედით ამ ხომალდს. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ეს ხომალდი თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდ იმედს გვაძლევს. ეს გემი, რომელიც ნიუ-იორკის სანაპიროსთან მოვიდა, არის ერთი დიდი საავადმყოფო, ყველანაირი აპარატურითა და სამედიცინო პერსონალით. ჩვენ ახლა სასოწარკვეთილები ვართ რადგან ველოდებით პიკს და არ გვყოფნის ძალა მივიღოთ ყველა ადამიანი საავადმყოფოში და აღმოვუჩინოთ მათ შესაბამისი დახმარება. საუკეთესო დახმარება მივიღეთ! ეს გვაძლევს იმედს და საშუალებას უფრო მეტ ადამიანს აღმოვუჩინოთ სათანადო დახმარება. ეს ყველაფერთან ერთად არის ფსიქოლოგიური ეფექტი. ჩვენ ეს გვჭირდება ხალხს ეს სჭირდება," - ამბობს ნიუ-იორკის მერი.
ბილ დე ბლასიო "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს ამბობს, რომ სამხედრო ხომალდზე არის როგორც პალატები, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოთახები.
"გემის შემოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია ამ ბრძოლაში. ჩვენი გამოცდილი და საუკეთესო განათლების მქონე სამხედრო პერსონალი შეუერთდება ქალაქში მომუშავე ექიმებს ბრძოლის წინა ხაზზე. გავიმეორებ, რომ ეს არის იმედი, კონკრეტული დახმარება და ძალა რაც საშუალებას მოგვცემს მომდევნო კვირებში მოსალოდნელ პიკს გავუმკლავდეთ. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ამ გემის ეკიპაჟს. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური დახმარება ან ტექნიკა, ეს გაცილებით მეტია. ნიუ-იორკი აღმოჩნდა პანდემიის ეპიცენტრი და ჩვენ წინ ბევრი საქმე გვაქვს. ჩვენთან დღეს მიმდინარეობს ბრძოლა უხილავ მტერთან. მადლობა ღმერთს რომ ჩვენი სამხედროები უკვე აქ არიან," - ამბობს მერი ბილ დე ბლასიო.
ის ამერიკელ ხალხს მიმართავს და ეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკი პანდემიის პიკს გადააგორებს, ნიუ-იორკელები წავლენ სხვა შტატებში და მათ გაუწევენ დახმარებას.
"მინდა მივმართო ყველა ამერიკელს და ვუთხრა, რომ ბრძოლა მიმდინარეობს უხილავ მტერთან, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. დღეს დახმარება პირველ რიგში ჩვენ ნიუ-იორკელებს გვჭირდება, როგორც კი ჩვენ პანდემიის პიკს გადავაგორებთ, გპირდებით ნიუ-იორკი დადგება ყველა შტატის გვერდზე და აღმოუჩენს მათ დახმარებას. დღეს ჩვენ ყველანი ერთნი ვართ ეს არის სიმართლე," - ამბობს მერი.
სამხედრო ხომალდი ნიუ-იორკში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და პენტაგონის გადაწყვეტილებით გაიგზავნა. კიდევ ერთი ხომალდი კალიფონრიის საპაროსთან არის გაჩერებული.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 143 000 აღემატება. განსაკუთრებით რთული ვითარება ნიუ-იორკშია სადაც ქვეყნის ჯამური მონაცემის 45% დაფიქსირებული.