ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა სოციალური დისტანცირება და სხვა ზომები 30 აპრილამდე გაახანგრძლივა


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში სოციალური დისტანცირება და ვირუსის გავრცელების შესაზღუდი სხვა ღონისძიებები 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. მისი თქმით, ამ დრომდე მიღებული ზომების წყალობით ადამიანთა გადარჩენა მოხერხდა. მისი თქმით, რაც მეტი ღონისძიება იქნება მიღებული და კარგად აღსრულებული, "ეს კოშმარი" მით უფრო სწრაფად დასრულდება.

პრეზიდენტის მიერ თავდაპირველად გამოცხადებული ზომების დათქმული ვადა ორშაბათს, 30 მარტს იწურებოდა. ​

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის პიკი ორ კვირაში იქნება, თუმცა ქვეყანა ძალებს 1 ივნისამდე აღიდგენს.

დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ მას ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის გახსნა და აღდგენა აღდგომის დღესასწაულამდე, 12 აპრილამდე სურდა. მისი თქმით, დაუშვებელი იყო, რომ ეკონომიკური აქტივობის შეწყვეტით ქვეყანას უფრო მეტი ზიანი მისდგომოდა, ვიდრე - დაავადებით.

თუმცა კვირას მან თქვა, რომ აღდგომის თარიღი უბრალოდ "სასურველი" დროის მითითებისთვის გამოიყენა. თუმცა ახალი ზომების მიღების თაობაზე მეტი დეტალი მას არ გაუმხელია და თქვა, რომ დამატებით ცნობებს, მათ შორის გასაოცარ სიახლეებს მოსახლეობას სამშაბათს მიაწვდის.

ამერიკის მთავარი ინფექციონისტი, დოქტორი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ფედერალური მასშტაბით სოციალური დისტანცირების მოთხოვნის გახანგრძლივების თაობაზე, იყო "გონივრული და წინდახედული". მის თქმით, რაც აქამდე გაკეთდა, ამას შედეგი ნამდვილად ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ ამბობს, შეერთებულ შტატებში შესაძლოა 100 000 ადამიანი გარდაიცვალოს.

"ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. ვცდილობთ რიცხვები რაც შეიძლება დაბალი იყოს", - ამბობს ფაუჩი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათ დილისთვის შეერთებულ შტატებში 142 ათასი დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2500-ს აჭარბებს.

კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრი, დებორა ბირქსი ამბობს, რომ 2 მილიონზე მეტი ამერიკელი შეიძლება გარდაიცვალოს, თუკი სოციალური დისტანცირება და სხვა ზომები არ იქნება სერიოზულად აღქმული და აღსრულებული.

პარასკევს პრეზიდენტმა ტრამპმა ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი დოლარის მოცულობის ეკონომიკური პაკეტი დაამტკიცა. გარდა ბიზნესების მხარდაჭერისა, ამ პაკეტის ქვაკუთხედი ამერიკელთათვის პირდაპირ თანხის ჩარიცხვის ინიციატივაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG