მაშინ, როცა სამხრეთ კორეაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი იწყება, ჩრდილოეთ კორეამ ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. არსებული ინფორმაციით ფხენიანმა რაკეტები ქვეყნის სამხრეთ სანაპიროდან გაუშვა, პროცესს სამხრეთ კორეა დეტალურად სწავლობდა.
სეულის მიერ გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები სუნანის რაიონიდან დაახლოებით საღამოს 6 საათზე გაუშვა. ამავე ინფორმაციით, გაშვებულმა რაკეტებმა 360 კილომეტრი დაფარეს, ხოლო სიმაღლეში 30 კილომეტრი იფრინეს.
„ეს ქმედებები კიდევ უფრო გააღრმავებს, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის პარტნიორობას და შეკავების პოლიტიკას,“- ნათქვამია სამხრეთ კორეის ოფიციალურ განცხადებაში.
„[ეს არის ] არალეგალური იარაღის პროგრამის ნაწილი, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და არღვევს, გაეროს უშიშროების საბჭოს ბევრ რეზოლუციას,“- თქვა კამალა ჰარისმა რომელიც რაკეტების გამოცდის დროს იაპონიაში იმყოფებოდა. ამერიკის ვიცე პრეზიდენტს გამოსვლა ჰქონდა ამერიკულ გამანადგურებელ USS Howard-ზე.
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდას იაპონიის მთავრობაც გამოეხმაურა და მას „მიუღებელი“ უწოდა. იაპონიის თავდაცვის მინისტრის თქმით „ჩრდილოეთ კორეის ქმედებები, საფრთხეს უქმნის იაპონიის მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ასევე რეგიონსა და საერთაშორისო საზოგადოებას“.
რაკეტების გაშვებას წინ უსწრებდა, სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების ერთობლივი წვრთნები, მანამდე წვრთნები იაპონელი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობითაც გაიმართა.
ამ დრომდე, ჩრდილოეთ კორეის მედია დუმს, მათ არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით. მანამდე, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ბირთვული იარაღისა და რაკეტების დამზადება ჩრდილოეთ კორეას ამერიკისგან დასაცავად სჭირდება.
ჩრდილოეთ კორეა წელს უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობებით გამოირჩევა. ქვეყანამ სხვადასხვა ტიპის რაკეტები გამოსცადა. ასე ფხენიანი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
Facebook Forum