ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის აზრით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ უნდა გამოცხადდეს


ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს კლასიფიკაცია არ უნდა მიენიჭოს. ჯო ბაიდენს ამასთან დაკავშირებით კითხვა ვაშინგტონში ორშაბათს დაუსვეს.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მეზობელ სახელმწიფოსთან ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, კიევი ითხოვს, რომ რუსეთს ეს კლასიფიკაცია მიეცეს. უკრაინის მოთხოვნას ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელიც უჭერს მხარს.

რუსეთი კი აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობას კიდევ უფრო დააზიანებს. კრემლი უკრაინაში მიმდინარე არაპროვოცირებულ, სასტიკ ომს ჯერ ისევ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომლის მიზანიც მისი მტკიცებით, უკრაინის "ნაცისტებისგან" გათავისუფლებაა.

თეთრ სახლში 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ბაიდენს ეს კითხვა კიდევ ერთხელ დაუსვეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის პასუხი მოკლე იყო - "არა" - თქვა მან.

ამერიკას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეყვანილი ჰყავს: სირია, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და კუბა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდის განმარტებით, სახელმწიფო მდივანი ამ კლასიფიკაციას აძლევს ქვეყნებს, რომლებიც "მრავალჯერადად აფინანსებენ საერთაშორისო ტერორიზმს".

სიაში მოხვედრილ სახელმწიფოებს, როგორც წესი, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა ემუქრებათ. მათ შორის შეიძლება იყოს: ამერიკის დახმარების შეწყვეტა, შეიარაღების ექსპორტის აკრძალვა და სხვა ტიპის შეზღუდვები, მათ შორის - სავაჭრო და ფინანსური.

XS
SM
MD
LG