ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი წელი ნიუ იორკში


თაიმს სქვერზე შუაღამეს გიგანტური ბროლის ბურთის დაშვებას მილიონამდე ადამიანი დაესწრო

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00
ბმული

ნიუ იორკში მილიონამდე მოდღესასწაულე ადამიანმა არად ჩააგდო უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები და საათობით ლოდინი სიცივეში, რათა თაიმს სქვერზე შუაღამეს გიგანტური ბროლის ბურთის დაშვებას დასწრებოდა. ბროლის ბურთის დაშვების პატივი, წელს უმაღლესი სასამართლოს წევრ სონია სოტომაიორს ერგო, რომელიც წარმოშობით ნიუ იორკიდანაა.

მსოფლიოს ბევრ ქალაქში შეხვდნენ ადამიანები ახალ წელს ქუჩებში და მოედნებზე.

ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე, სადღესასწაულო ფოიერვერკის მომზირალ ადამიანებს ფერადი ქაღალდის წვიმის ნაცვლად, ციდან ბანანის გემოს მქონე წვიმა ეყრებოდა, რომლითაც პირის ჩატკბარუნება შეიძლებოდა.

ყველაზე შთამბეჭდავი ფოიერვერკი დუბაიში, მსოფლიოს უმაღლესი შენობიდან: „ბურჯ ხალიფადან“ შესთავაზეს მოზეიმე საზოგადოებას. ათასობით ადამიანი უმზერდა მომაჯადოებელ პიროტექნიკურ სანახაობას დუბაის სილუეტის ფონზე. ამ ქალაქში ცდილობდნენ ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებას, რისთვისაც ნახევარი მილიონი პიროტექნიკური საშუალება გამოიყენეს.

მოსკოვში, წითელ მოედანზე, სპასკის კოშკის საათმა შუაღამე რომ ჩამოჰკრა, რუსეთის დედაქალაქის თავზე უზარმაზარი ფოიერვერკი დაიწყო.

მოსკოველი ვერონიკა ბუკშა ამბობს:

„ამ წელს ყველას ვუსურვებ იყოს ძალიან იღბლიანი და ძალიან მშვიდი. არ იყოს ომები და კონფლიქტები. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას. ვისურვებ , არ მოხდეს კატასტროფები.“

პეკინში, სინათლის სანახაობამ ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი გაანათა. დიდ კედელზე მოცეკვავეებმა, მომღერლებმა და მედაფდაფეებმა წარმოდგენა გამართეს.

კონგ ლინგიუ და იუ ჰუიჯინი აღფრთოვანებულნი არიან ამ ზეიმში მონაწილეობით.
კონგი ამბობს:
„ვიმედოვნებ, რომ ჩემს შეყვარებულს და მე მუდამ გვეყვარება ერთმანეთი .“
იუ ამბობს:
„მე ამგვარად არასდროს მიზეიმია ახალი წელი. წარსულში ზეიმი უფრო ჩვეულებრივი იყო. ახლა კი, ჩინეთის დიდ კედელთან ზეიმი ამას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს და ეს ძალიან მომწონს.“

ჰონგ კონგში ათასობით ადამიანი გამოეფინა ვიქტორიას ყურის თავზე გამართული ფოიერვერკის სანახავად.

ტოკიოში, ტაძრის ზარმა ჩამოჰკრა ახალი, ცხენის წლის დაწყება. იაპონიაში ბუდისტური ტრადიციის მიხედვით ზარს შუაღამეს 108-ჯერ ჩამოჰკრავენ ხოლმე.

აიანო იჩიკავა ამბობს:
„ახლა, როცა ტოკიო შეირჩა 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლად, იმედი მაქვს, რომ ეს წელიწადი მთელს იაპონიაში ყველასთვის ბედნიერი იქნება.“

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ათასობით მოზეიმე ადამიანი გამოეფინა ქუჩებში ფოიერვერკის სანახავად. ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, ტურიზმის მესვეურების შეფასებით, ორმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ქუჩის ზეიმებში.

ავსტრალიაში, სიდნეიში, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი შეიკრიბა ქალაქის სახელგანთქმულ ყურეში ტრადიციულ ზეიმზე, სადაც ფოიერვერკი ოპერის შენობის სახურავიდან გაუშვეს, რაც პირველად მოხდა ათწლეულის განმავლობაში.

რამდენიმე საათით ადრე კი ფოიერვერკმა გაანათა ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის ცა, სადაც მსოფლიოში პირველებმა დაიწყეს ახალი წლის აღნიშნვა.
XS
SM
MD
LG