ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზრები სამიტამდე: ივო დაალდერი


ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში ივო დაალდერმა ჩიკაგოში დანიშნულ ნატოს სამიტთან დაკავშირებით ტელეკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც უცხოური აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. ელჩი ნატოში ელექტრონულად გაგზავნილ შეკითხვებს პასუხობდა.

შეკითხვაზე, თუ რომელი ქვეყნების ლიდერები იქნებიან მიწვეული ჩიკაგოს ნატოს სამიტზე ელჩმა განაცხადა:

„ის საკითხი, თუ რომელი ქვეყნები იქნებიან მოწვეული ნატოს სამიტზე ჯერ ისევ განხილვის თემაა. იმედია ნატო მალე მიიღებს გადაწყეტილებას და გამოაცხადებს მონაწილე ქვეყნებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომლის პროცესში ჩართვასაც უდიდესი მნიშნველობა ექნება არა მხოლოდ რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად, არამედ ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად პაკისტანია. ჩიკაგოს სამიტამდე ნატო პაკისტანთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს საკომუნიკაციო მეთოდების დასამყარებლად.“

ერთ-ერთი შეკითხვა სამიტში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩის მონაწილეობას ეხებოდა. კითხვის არსი მდგომარობდა იმაში, თუ რამდენად მისაღებია იანუკოვიჩის სამიტზე მიწვევა უკრაინაში მიმდინარე არა-დემოკრატიული პროცესების და შიდა პოლიტიკური მდგომარობის ფონზე.

„ბატონი იანუკოვიჩი, ჩიკაგოს ნატოს სამიტზე მიწვეულია იმიტომ, რომ უკრაინის ძალები ავღანეთში ნატოს საერთაშორისო მისიაში ღებულობენ მონაწილეობას. ნატოს სურვილია, რომ სამიტს ყველა ქვეყანა დაესწროს, რომლის ჯარებიც ავღანეთში ნატოს ეგიდით იმყოფებიან. სამიტში მონაწილეობის მიღება არანაირად არ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და დიპლომატიურ ვითარებას, რომელიც ქვეყნის პოლიტიკას უკავშირდება.“

ანკარადან გამოგზანვილი შეკითხვა ნატოს წევრი ქვეყნის - თურქეთის - შესაძლო საზღვრის დარღვევას ეხებოდა. სირიაში მიმდინარე არეულობა ხშირად თურქი პოლიტიკოსების ძირითადი სასაუბრო თემაა საერთაშორისო შეხვედრებზე. თურქ ჟურნალისტს აინტერესებდა შესაძლებელი იქნება თუ არა თურქეთის მიერ ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის გამოყენება სირიის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში თუ სირია თურქეთის საზღვარს დაბომბავს.

„ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი სამხედრო თავდაცვითი ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის ამბობს, რომ ალიანსის ერთი წევრის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხვმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია. იმ შემთხვევაში თუ თურქეთზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, ნატოს წევრი ქვეყნები შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ იმას უნდა გააკეთოს თუ არა ალიანსმა სამხედრო რეაგირება. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლებამ არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია ნატოს იმის თაობაზე, თუ რა ხდება სირიის საზღვარზე. მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, პრემიერ მინისტრ ერდოღანს ნატოსგან სამხედრო დახმარება არ უთხოვია და არც თავად გაუკეთებია განცხადება იმაზე, რომ სირიასთან შეიარაღებულ კონფლიქტს აპირებს.“

ელჩმა დაალდერმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ნატოს წევრი ქვეყნები სამხედრო დანახარჯების შემცირებას აპირებენ. ალიანსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წევრი ქვეყანა შეიარაღებასა და სხვადასხვა სახის თავდაცვითი ხარჯებისთვის ყველწლიურად მთლიანი ეროვნული პროდუქტის მინიმუმ 2 პროცენტს უნდა ხარჯავდეს. რამდენიმე ქვეყანაში ასეთი შემცირება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ალიანსზე. ამ ვითარებიდან გამოსავალი, ელჩის განცხადებით, შეცვლილი სტრატეგია იქნება რომელსაც ამჟამად „გონივრულ თავდაცვას“ უწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატომ შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, ოპერაციების ხარისხი და ალიანსის სიმტკიცე არ უნდა შეამციროს.

ერთ-ერთი შეკითხვა რუსეთისა და ნატოს ურთიერთობასაც ეხებოდა. ელჩის თქმით:

„რუსეთმა ნატოს წერილობითი და იურიდიულად დამავალდებულებელი გარანტია მოსთხოვა იმისთვის, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთის წინააღმდეგ არასოდეს იქნება გამოყენებული. ჩვენ სიამოვნებით მივცემთ რუსეთს ამ გარანტიას. დღემდე არაერთხელ ვცადეთ რუსეთის დარწმუნება იმაში, რომ ეს სისტემები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. გარდა ამისა, ამ სისტემას არ აქვს ტექნოლოგიური შესაძლებლობა, რომელიც რუსეთის სტრატეგიული ბირთვული არსენალის დაძლევას შეძლებს. ნატო მზადაა რუსეთს წერილობითი გარანტია მისცეს თუმცა ალიანსი ხელს არ მოაწერს იურიდიულად დამავალდებულებელ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც რაიმე სახით შეამცირებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობას. ამ სისტემის დანიშნულება ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყნების სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან წამოსული საფრთხეებისგან დაცვაა. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ რუსეთთან ამ საფრთხეების დასაბალანსებლად, თუმცა არ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლებლოებები უნდა შესუსტდეს.“


XS
SM
MD
LG