ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ნატო-რუსეთს შორის უთანხმოების თემად რჩება


"ნატო საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრომის მიერ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერას აგრძელებს"- განაცხადა ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ბრიუსელში განიხილეს ის საკითხებიც , სადაც ”პრინციპული უთანხმოება” არსებობს.

"მოსკოვის გაოგნებას იწვევს ფაქტი, რომ საქართველო ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს," -განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით:

” 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან სწრაფად საქართველოს რემილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ”

ლავროვის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, რომ მიაღწია სამხედრო ტვირთების სრულ აღდგენას, რაც ნატო-ში გაწევრიანებისთვის არის საჭირო:

” მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ინტრეპრიტაციაა, ეს ყველაფერი მაინც იწვევს ჩვენს შეშფოთებას, რადგან ჩვენ ამ ადამიანის მორიგი ავანტიურის გამო მორიგი დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში არ გვინდა. ”

”ექსპერტთა კლუბის” წევრის გიორგი წიკლაურის აზრით, ლავროვი ზემოაღნიშნულ განცხადებებს აკეთებს არა საერთაშორისო აუდიტორიის, არამედ რუსეთის აუდიტორიის გასაგონად:

"რათა კრემლს ჰქონდეს ინფორმაციული ნიადაგი მომზადებული იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთს მიეცა შანსი და რუსეთი შეძლებს ახალი აგრესიის განხორციელებას საქართველოს წინააღმდეგ. ამისთვის მზადება მიმდინარეობს, ეს ხდება ღიად, ოფიციალურად. ახალი ინფორმაციაა, დღეს გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთში აპრილის ბოლომდე მივლინებული იქნება დაახლოებით 400 სამხედრო სპეციალისტი, მუდმივად ხდება ახალი შეიარაღების მობილიზაცია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში.. სახეზე გვაქვს ძალიან აქტიური სამხედრო მზადება რუსეთის მხრიდან. რუსეთი ახდენს თავისი სამხედრო ძალების მობილიზაციას, საუკეთესო ნაწილების, საუკეთესო სპეციალისტების, ტექნიკის მობილიზაცია ხდება სწორედ საქართველოს საზღვართან. ეს პროცესი არ შეწყვეტილა, მისი ინტენსიობა მხოლოდ და მხოლოდ იზრდება, ანუ, მიმდინარეობს მზადება ომისთვის რუსეთის მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ზაფხულში ან შემოდგომაზე ომს უნდა ველოდოთ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ზაფხულში ან შემოდგომაზე, როცა საქართველოში არჩევნები ჩატარდება და დაძაბული შიდა პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, თუ რუსეთს მიეცა საშუალება, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა მისცემს ამის საშუალებას, რუსეთი ხელახლა აგრესიას განახორციელებს. ამიტომ ლავროვი აკეთებს მსგავს განცხადებებს, ეს არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რასაც ჰქვია საინფორმაციო ნიადაგის მომზადება. იმიტომ რომ გასაგებია, რომ საქართველო რუსეთს თავს არ დაესხმება.. ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელსაც ბევრი მტკიცებულება არ სჭირდება.”

” რუსეთის ამოცანაა საქართველო წარმოაჩინოს ქვეყნად, რომელიც მილიტარიზაციას ეწევა, რომელიც ცდილობს კონფლიქტური ვითარების ესკალაცია მოახდინოს” - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი:

"ერთ-ერთი წყალგამყოფი რუსეთისა და ნატო-ს პოზიციას შორის არის სწორედ საქართველოს საკითხი, ლავროვის განცხადებები კიდევ ერთხელ მიანიშნებს,.. ანუ ამ განცხადებების უკან არის მისი გაღიზიანება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ ეგუება რუსულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ.”

"ნატო საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრომის მიერ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერას აგრძელებს"- განაცხადა ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა:

” ეს არის ნატოს, მყარი, პრინციპული პოზიცია, ზოგადად დასავლეთის, მაგრამ დასავლეთი, ასე ვთქვათ, ჭრელია, იქ არის სხვადასხვა სუბიექტები. ზოგიერთი მათგანი დიდი სიამოვნებით არ შეიმჩნევდა აგვისტოს ომს, თვალს დახუჭავდა, რომ მომხდარიყო საქართველოს მთლიანო იკუპაცია და საქართველოს დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე. არის ასეთი პოლიტიკური წრეები ევროპაში, რომლებიც რუსეთთან სხვადასხვა პროექტებში თანამშრომლობენ, იგივე გაზის, ნავთობის პროექტებში. მათი იმედი აქვს მოსკოვს. ლავროვის განცხადება მათდამი ერთგვარი მესიჯია, რომ ” რად გინდათ ზედმეტი უსიამოვნება, თუ საქართველოს დაეხმარებით, საქმე ჩვენთან გექნებათ. აშინებს სამხედრო დაპირისპირებით, რაც ულტრალიბერალური და ულტრამემარცხენე წრეებისთვის ევროპაში საშიში და მიუღებელია”.

XS
SM
MD
LG