ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში აკუნინინთან დაკავშირებული გამომცემლობა გაჩხრიკეს


მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი)
მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი)

მოსკოვში გამომცემლობა "ზახაროვი" აცხადებს, რომ პოლიციამ მისი ოფისები გაჩხრიკა. საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა განაცხადა, რომ ჩხრეკა მწერალ აკუნინის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. მწერალ გრიგორი ჩხარტიშვილის წიგნებს, რომელიც 1990-ანი წლებიდან მოყოლებული წერს ფსევდონიმით - ბორის აკუნინი, სწორედ გამომცემლობა "ზახაროვი" აქვეყნებს.

ინფორმაცია რუსულ მედიაში 19 დეკემბერს გავრცელდა. ერთი დღით ადრე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინებოდა, რომ გამოძიება რუსი სამხედროების დისკრედიტაციის ბრალდებით დაიწყო. რუსეთის მთავრობამ მწერლის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფონზე, აკუნინი იმავე დღეს ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა.

გამომცემლობის დირექტორმა ირინა ბოგატმა თქვა, რომ ჩხრეკა, სავარაუდოდ, იმიტომ ჩატარდა, რომ სხვა გამომცემლობებისგან განსხვავებით, მათ აკუნინის წიგნები გაყიდვიდან არ ამოიღეს. გასულ კვირაში რუსეთის ყველაზე დიდმა გამომცემელმა "ეკსმო ასტმა", რომელიც წიგნების მაღაზიათა ქვეყნის ყველაზე დიდ ქსელს ფლობს ("ჩიტაი-გოროდ-ბუკვაედ"), განაცხადა, რომ გაყიდვიდან მოხსნა ბორის აკუნინის და დმიტრი ბუკოვის წიგნები. რუსეთში ორივე მწერალი ძალზე პოპულარულია და ისინი სხვებისგან უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევიან.

ცოტა ხნის წინ, ლიტერატურულმა ჟურნალმა "ნოვი მირ" ვებგვერდიდან აკუნინის პიესებიც წაშალა. ოქტომბერში კი რუსეთის თეატრებიდან მის პიესებზე დადგმული სპექტაკლებიც გააუქმეს.

აკუნინი ერთ-ერთია რამდენიმე ათეულ რუს მწერალს შორის, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი აგრესია დაუყოვნებლივ დაგმეს. აკუნინმა 2022 წლის თებერვალში "ფეისბუქზე" დაწერა, რომ რუსეთში "ახალი, საშინელი პერიოდი დაიწყო". ის ამბობდა, რომ ცდებოდა, რადგან ბოლო მომენტამდე ვერ იჯერებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი "ამ აბსურდულ ომს დაიწყებდა". აკუნინის თქმით, სულ იმედს იტოვებდა, რომ გონიერება გაიმარჯვებდა, მაგრამ შეცდა და "სიგიჟემ გაიმარჯვა".

მწერალმა რუსეთი 2014 წელს დატოვა და ახლა ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ცხოვრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG