2023 წელს, 2,500-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, ან დაიკარგა ხმელთაშუა ზღვაში, ევროპაში გადასვლის მცდელობისას. ინფრომაცია ამის შესახებ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა გაავრცელა.
„24 სექტემბრისთვის, მხოლოდ 2023 წელს, 2,500-ზე მეტი ადამიანი დაღუპულად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება“, - განუცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს რუვენ მენიკდიველამ.
ეს რიცხვი, 2022 წლის იმავე პერიოდში, 1,680 იყო. ”სიცოცხლეები ასევე იკარგება ხმელეთზე, საზოგადოების ყურადღების მიღმა,” - დასძინა გაეროს წარმომადგენელმა.
სახმელეთო მოგზაურობა სუბსაჰარის აფრიკის ქვეყნებიდან, საიდანაც ბევრი მიგრანტი ტოვებს ტერიტორიას, ტუნისისა და ლიბიის სანაპიროებზე გამგზავრების პუნქტებამდე რჩება "მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიშად", - თქვა მენიკდიველამ.
მიგრანტებსა და ლტოლვილებს „ყოველი ფეხის ნაბიჯზე უქმნიან სიკვდილსა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საფრთხეს“,-თქვა მენიკდიველამ.
საერთო ჯამში, 24 სექტემბრის მონაცემებით, დაახლოებით186, 000 ადამიანი ზღვით ჩავიდა იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, კვიპროსსა და მალტაში.
უმრავლესობა, 130, 000-ზე მეტი ადამიანი, ჩავიდა იტალიაში, რაც 83%-იანი ზრდაა, გასული წლის ამავე პერიოდდთან შედარებით.