ხუთ ადამიანს შორის, რომლებიც თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მიგრანტთა გემების ჩაძირვისას, საბერძნეთის კუნძულების სიახლოვეს დაიღუპნენ, ოთხი ბავშვია. მაშველებმა ათობით მიგრანტის ხსნა შეძლეს, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიემართებოდნენ.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ოფიციალური განცხადებით, მათ 28 აგვისტოს 18 ადამიანი გადაარჩინეს. მთავრობის პრესსპიკერმა პავლოს მარინაკისმა თქვა, რომ დაღუპულ ბავშვებს შორის იყო 8 წლის ბიჭი, ასევე 14, 8 და 1 წლის ასაკის გოგონები.
სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა ნიკოს ალექსიუმ აღნიშნა, რომ ინციდენტი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მოხდა, მაგრამ თურქეთის სანაპირო დაცვას არ ჩაუტარებია სამაშველო ოპერაცია. აქედან გამომდინარე, მგზავრების ხსნის მისია თავის თავზე ბერძნულმა საპატრულო გემმა აიღო. გადარჩენილები ლესბოსის კუნძულზე გადაიყვანეს, სადაც ორი მათგანი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.
უკვე ათწლეულებია, საბერძნეთი ევროკავშირში შესვლის ერთ-ერთ მთავარ პუნქტად რჩება მათთვის, ვინც ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში კონფლიქტს ან სიღარიბეს გაურბის. მიგრანტები იმედოვნებენ, რომ საბერძნეთიდან ევროპის სხვა, უფრო მდიდარ ქვეყნებში გადავლენ და იქ უკეთეს ცხოვრებას მოიწყობენ.
გაეროს მონაცემებით, წელს საბერძნეთში ხმელეთით და ზღვით 14 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა, რაც კონტინენტზე ამ გზით მიგრაციის, დაახლოებით, მეათედს შეადგენს. ყველაზე მეტი მიგრანტი წელს იტალიაში გადავიდა, სადაც ხმელთაშუა ზღვა წარმატებით გადაკვეთა 104 000-მდე ადამიანმა.
მას შემდეგ, რაც 2015 წელს მიგრაციის კრიზისმა ევროპაში პიკს მიაღწია, საბერძნეთში ჯამში თითქმის მილიონი ადამიანი გადავიდა, რის გამოც ათენმა გაზარდა საზღვაო და სახმელეთო პატრულირება თურქეთის საზღვრების გასწვრივ. საბერძნეთში ჩასულთათვის თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის და მიგრანტების ხშირი დეპორაციის გამო, უფლებადამცველმა ჯგუფებმა ათენის ქმედება არაერთხელ დაგმეს. საბერძნეთი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
Facebook Forum