ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში მყოფი არა-მექსიკელი თავშესაფრის მაძიებლებისთვის ამერიკა ახალ პროგრამას განიხილავს


ოთხი წყაროს ცნობით, ამერიკელი და მექსიკელი ოფიციალური პირები მსჯელობენ ლტოლვილთა შესახებ ახალ ამერიკულ პროგრამაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებელ ზოგიერთ არა მექსიკელს შეეხება. ეს ის ადამიანები არიან, ვინც სტატუსის მიღებას მექსიკაში ელოდება. წყაროები ამბობენ, რომ ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მცდელობის ნაწილია, მიგრაციისთვის მეტი კანონიერი გზა შექმნას.

პროგრამა სავარაუდოდ კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუიდან და ვენესუელიდან მექსიკაში მყოფ ლტოლვილებს შეეხება. პროგრამაში მოსახვედრად მიგრანტებს მოუწევთ ჩვენება, რომ მექსიკაში 6 ივნისამდე იმყოფებოდნენ, თქვა ერთმა წყარომ.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, მექსიკელმა ოფიციალურმა პირმა და საქმეში ჩახედულმა კიდევ ორმა ადამიანმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს, რომ საკითხი ჯერ კიდევ განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უცნობია თუ ამ პროგრამით სარგებლობას რამდენი ადამიანი შეძლებს.

ბოლო წლების პოლიტიკური და ეკონომიკური არეულობის დროს, ამ ოთხი ქვეყნიდან ასობით ათასი მიგრანტი მექსიკის გავლით შეერთებული შტატებისკენ წავიდა, რამაც ორივე ქვეყნის რესურსები დაძაბა და დემოკრატი ბაიდენი, რომელსაც 2024 წელს კვლავ პრეზიდენტობა სურს, პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქცია.

განხილვაში არსებული გეგმის თანახმად, მიგრანტები, რომლებიც ლტოლვილის სტატუსს მიიღებენ, შეერთებულ შტატებში ლტოლვილთა განსახლების პროგრამით შევლენ. ეს პროგრამა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი თავშესაფრის მაძიებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. სხვა მიგრანტების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც თავშესაფრისთვის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მიმართავენ, ლტოლვილის სტატუსის მქონენი დაუყოვნებლად იღებენ მუშაობის უფლებას და სამთავრობო შეღავათებს, როგორიცაა საცხოვრებლის დაქირავებაში და შრომით მოწყობაში დახმარება.

XS
SM
MD
LG