ამერიკის შტატებს შორის მონტანა პირველია, რომელმაც მოკლე ვიდეოების პოპულარული სოციალური ქსელი "ტიკტოკი" აკრძალა. გუბერნატორმა გრეგ ჯიანფორტემ განკარგულებას ხელი 17 მაისს მოაწერა.
შტატის საზღვრებში ამ ქსელის სატელეფონო აპლიკაციას მომხმარებლებს ვეღარც "გუგლი" და "ეფლი" შესთავაზებენ. განკარგულება ძალაში მომავალი წლიდან, 2024 წლის 1 იანვარს შედის.
შეერთებულ შტატებში "ტიკტოკს" 150 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა, როგორც ვაშინგტონში, ისე შტატების კანონმდებლებს შორის იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინურ პლატფორმას პეკინი საკუთარი გავლენის გაზრდის მიზნით გამოიყენებს.
მონტანის შტატის მოსახლეობა მილიონზე ოდნავ მეტია. რესპუბლიკელი გუბერნატორი გრეგ ჯიანფორტე ამბობს, რომ კანონი მონტანის მოსახლეობას "ჩინეთის კომუნისტური პარტიის თვალთვალისგან" დაიცავს.
"ტიკ-ტოკი" აცხადებს, რომ ის კერძო კომპანიის მფლობელობაშია და ჩინეთის მთავრობას მომხმარებელთა კერძო ინფორმაციას არ უზიარებს. მაგრამ, მონტანაში თვლიან, რომ პეკინის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ამაზე უარს ვერ იტყვის.
კანონის ყოველი დარღვევის შემთხვევაში, "ტიკ-ტოკი" დაჯარიმდება და ყოველდღიურად დამატებით $10 000-ს გადაიხდის. ანალოგიური ჯარიმა დაეკისრება "გუგლს" და "ეფლს", თუკი ისინი მომხმარებლებს სატელეფონო აპლიკაციას ისევ შესთავაზებენ.
არ არის გამორიცხული, ახალი კანონი თავად ამერიკელებმა გაასაჩივრონ. კანონმდებლების ნაწილი თვლის, რომ მსგავსი აკრძალვა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს. გუბერნატორ ჯიანფორტეს გადაწყვეტილებით, სამთავრობო ტელეფონებზე სხვა აპლიკაციებიც იკრძალება, რომლებიც მტრულად განწყობილ უცხო ქვეყნებს, შეერთებული შტატების მოქალაქეთა ინფორმაციაზე წვდომას აძლევს.
Facebook Forum