ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პოლიტკოვსკაიას მკვლელი უკრაინაში ბრძოლის შემდეგ შეიწყალეს" - RBC


ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მსჯავრდებული, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობდა. უკან დაბრუნებისას კი ის შეიწყალეს. ამ ცნობას მედიასაშუალება RBC ავრცელებს.

პოლიტკოვსკაია ჟურნალისტი და ავტორი იყო, რომელიც მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ ბინასთან ახლოს, 2006 წელს მოკლეს. ის ვლადიმირ პუტინის მმართველობის პირველ წლებში გამორჩეულად ბევრს მუშაობდა ჩეჩნეთში რუსეთის ომის ფარგლებში მიმდინარე დარღვევებზე, უფლებების შელახვაზე, ჯარისა და ჯარისკაცების მდგომარეობაზე და ა.შ.

სერგეი ხაჯიკურბანოვი ყოფილი პოლიციელია, რომელსაც 2014 წელს, ამ მკვლელობის ორგანიზებისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამოცემა მის ადვოკატზე, ალექსეი მიხალჩიკზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს მან ისარგებლა იმ სქემით, რომელიც პატიმრებს ომში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. ამ პრაქტიკას, ძირითადად, დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი "ვაგნერი" იყენებდა და ასე, შეწყალების დაპირებით, ომში ათობით ათასი პატიმარი წაიყვანეს.

"ამის შემდეგ ის შეიწყალეს. ახლა, ის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მოხალისე ჯარისკაცად მონაწილეობს. თავდაცვის სამინისტროს მასთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული", - თქვა მიხალიკმა.

ხაჯიკურბანოვს პატიმრობა 2014 წელს მიესაჯა, 4 სხვა მამაკაცთან ერთად. ყვველა მათგანი ჩეჩნეთიდანაა. 2018 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გაასამართლა მამაკაცთა ის ჯგუფი, რომელმაც უშუალოდ შეასრულა დაავალება და ჟურნალისტი მოკლა, მათ "არ გადაუდგამთ ადეკვატური საგამოძიებო ნაბიჯები იმისთვის, რომ ეპოვათ ადამიანი ან ადამიანები, ვინც ეს მკვლელობა შეუკვეთა."

პოლიტკოვსკაიას საგამოძიებო მასალების უდიდესი ნაწილი დამოუკიდებელ საგამოძიებო გამოცემა "ნოვაია გაზეტაში" იბეჭდებოდა. ჟურნალისტმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა იმისთვის, რომ ჩეჩნეთში რუსეთის ძალებისა და მისი მოკავშირეების, ასევე მეამბოხეების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ წერდა, ამას კი გამუდმებული მუქარისა და დაპატიმრების რისკის მიუხედავად აკეთებდა.

XS
SM
MD
LG