რუსეთის ყოფილი დაქირავებული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ნაწილი, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის ძალებს შეუერთდა, აცხადებს კადიროვი.
"ვაგნერმა" მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინაში რუსეთის ომში და მონაწილეობდა ომის ყველაზე სასტიკ ბრძოლებში. "ვაგნერის" დაჯგუფების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როცა მისი ლიდერი ევგენი პრიგოჟინი აგვისტოში ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ხანმოკლე აჯანყებიდან ორი თვის თავზე.
კადიროვი „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აცხადებს, რომ ყოფილი "ვაგნერის" მებრძოლების დიდი ჯგუფი ინტენსიურ მომზადებას გადის მის "ახმატის" სპეცრაზმთან ერთად.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ["ახმატის"] ქვედანაყოფის რიგებს შეუერთდნენ მებრძოლები, რომლებსაც აქვთ შესანიშნავი საბრძოლო გამოცდილება და აჩვენეს თავი, როგორც მამაცმა და ეფექტურმა მეომრებმა“, - განაცხადა მან. "დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ ბრძოლებში ისინი სრულად გაამართლებენ თავიანთ რეპუტაციას".
კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო მუსიკის თანხლებით, სადაც ნაჩვენებია ჯარისკაცები საბრძოლო წვრთნის დროს, მათ შორის, ზოგიერთს ფორმაზე ვაგნერის სიმბოლიკა აქვს.
უცნობია "ვაგნერის" რამდენი წევრი იღებს წვრთნებში მონაწილეობას ან დარჩებიან თუ არა ისინი ჩეჩნურ ძალებში სწავლების დასრულების შემდეგ.
პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, კრემლმა "აბსოლუტური სიცრუე" უწოდა ბრალდებას, რომ ის მოკლეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით და ეს იყო სასჯელი ივნისის ამბოხებისთვის. რუსეთს ჯერ არ გამოუქვეყნებია ფატალური ავიაკატასტროფის გამოძიების შედეგები.
ამის შემდეგ, "ვაგნერის" მებრძოლები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცნენ და თავდაცვის სამინისტრომ მათ უბრძანა ერთგულების ფიცის დადება, ხოლო კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჯგუფი, როგორც იურიდიული პირი, აღარ არსებობს.
Facebook Forum