ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიმედოვნებ, მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება - ევროკავშირის ელჩი


საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი. "რადიო თავისუფლების" ფოტო
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი. "რადიო თავისუფლების" ფოტო

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო მიმართავს დიდ ძალისხმევას, რათა არ დაუშვას ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელჩი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "ძვირად უჯდება ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. თითოეული წევრი სახელმწიფო იხდის ძალიან მაღალ ფასს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო".

"ჩვენ კოლექტიურად ჩავთვალეთ, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რასაც უკრაინაში სჩადის. ამიტომაც, ჩვენი წევრი ქვეყნების ეკონომიკებისთვის მძიმე ფასის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა ეს სანქციები და შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს მუშაობა მორიგ პაკეტზე...

ამას არ ვაკეთებთ მარტოები, არამედ ჩვენ მსგავსად მოფიქრალ პარტნიორებთან ერთად, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, "დიდი შვიდეულის" ფარგლებში და ვცდილობთ, ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობით", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

მისი განცხადებით, საქართველო ერთ-ერთია იმ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მკაფიოდ უჭერენ მხარს რუსეთის იზოლაციას.

"ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ ვაჭრობის სფეროში ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს. სრულად მესმის დასაბუთება: საქართველო [რუსეთის] მეზობელი ქვეყანაა. მისი ეკონომიკა დიდად განსხვავდება ჩვენისგან და რუსეთთან ვაჭრობა მისთვის ჯერაც ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ და ყველა სხვა სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება...

გამოვთქვამთ სინანულს [საქართველოსა და რუსეთს შორის] პირდაპირი რეისების აღდგენაზე გადაწყვეტილების მიღების გამო. ოთხ დღეში რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული, უსაფუძვლო შეჭრიდან, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს, აეკრძალათ რუსეთის ყველა ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავის ყველა რეისი. ნამდვილად დასანანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, დაეშვა პირდაპირი რეისები [რუსეთთან]", - ამბობს ელჩი.

მან ამავე ინტერვიუში დეზინფორმაციაზე საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის კომუნიკაციასა და რიტორიკაზე:

"თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, რომელთა უმრავლესობა, ვიტყოდი, რომ ქვეყნის გარედან მოდის, თუმცა, სამწუხაროდ, მათ იმეორებენ და ზოგჯერ აძლიერებენ საქართველოს შიგნით. ზოგიერთი მათგანის სამიზნე არის ევროკავშირი. მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა. ვისურვებდით, საქართველოში ყველა, მთავრობის ჩათვლით, ძალიან აქტიურად ებრძოდეს ამ ნარატივებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმ საწამლავმა, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება მათ მიერ, ვისაც კარგი არ სურს ევროკავშირისთვის, არ მოწამლოს დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG