ჰოლანდიის სასამართლომ მსჯავრი დასდო რუს ბიზნესმენს, რომელსაც ბრალად ევროკავშირის სანქციების დარღვევით, რუსეთის იარაღისა და თავდაცვის ინდუსტრიისთვის კომპიუტერების ჩიპებისა და სხვა ელექტრონული პროდუქციის ექსპორტი ედებოდა. ბიზნესმენს სამშაბათს მიღებული გაადაწყვეტილებით, 18 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
გასულ წელს უკრაინაში უკანონო სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა მოსკოვს სანქციები რამდენიმე რაუნდად დაუწესა. როტერდამის საოლქო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ბიზნესმენმა სანქციებისთვის თავის არიდება „შემოსავლის მოდელად“ გადააქცია.
მსჯავრდებული, რომლის ვინაობაც ჰოლანდიური სასამართლოს წესების თანახმად, არ გასაჯაროებულა, „ორმაგი დანიშნულების“ პროდუქტების ექსპორტს შვიდ თვეზე მეტი დროის განმავლობაში ახორციელებდა. ასეთი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამოქალაქო, ასევე - სამხედრო მიზნებისთვის.
სასამართლომ დაადგინა, რომ მან გააყალბა საექსპორტო ზედნადებები და მალდივებზე არსებული კომპანიის მეშვეობით, პროდუქცია რუსეთში გააგზავნა. სასამართლომ მას უწოდა ამ ფინანსური სქემის „ძირითადი რგოლი“ და თქვა, რომ რუსმა ბიზნესმენმა „ევროკავშირის სანქციები „შეგნებულად და განზრახ დაარღვია“.