უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უპასუხისმგებლო უწოდა ომის დროს არჩევნების ჩატარების იდეას. ზელენსკიმ ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა ქვეყანაში გახშირდა საუბრები იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა უკრაინაში არჩევნები ომის დროს.
ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყანა ახლა უნდა გაერთიანდეს და შიდა პოლიტიკური დაპირისპირების დრო არაა. ზელენსკის ამ კომენტარმა დაასრულა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში შესაძლოა არჩევნები ჩატარდეს.
უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც პრეზიდენტს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ანიჭებს.
თავის ღამის ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია კონცენტრირება სამხედრო გამოწვევებზე, რომლებიც უკრაინის წინაშე დგას.
”ჩვენ ყველას გვესმის, რომ ახლა, ომის დროს, როდესაც ბევრი გამოწვევაა, სრულიად უპასუხისმგებლოა არჩევნებთან დაკავშირებულ თემებში ასეთი არასერიოზული ფორმით ჩართვა”, - თქვა მან.
ეს განცხადება ზელენსკიმ იმ ფონზე გააკეთა, როცა მის ოფისსა და ქვეყნის მთავარსარდალს შორის განხეთქილება მოჰყვა, ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ვალერი ზალუჟნიმ დასავლურ მედიასთან ინტერვიუში, რუსეთთან ბრძოლის ველზე მდგომარეობა პირველი მსოფლიო ომის ჩიხს შეადარა.
რამდენიმე დღის შემდეგ ზელენსკიმ უარყო განცხადება, რომ ომი ჩიხშია, ხოლო მისმა მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში თქვა, რომ ზალუჟნის გამონათქვამები ომის შესახებ The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ძალიან უცნაური" იყო და ამით შესაძლოა რუსეთმა ისარგებლოს.
„ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის თავდაცვის დრო, ბრძოლის დრო, რომელზეც არის დამოკიდებული სახელმწიფოსა და მისი ხალხის ბედი... მე მჯერა, რომ არჩევნები არ არის მიზანშეწონილი ამ დროს“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები კი 2024 წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი.
კიევი უკვე ხუთი თვეა კონტრშეტევას აწარმოებს. თუმცა, უკრაინის შეტევით ოპერაციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა ოკუპირებულ სამხრეთსა და აღმოსავლეთში არ მოუტანია. ასევე ჩნდება კითხვები დასავლური სამხედრო დახმარების მდგრადობასთან დაკავშირებით.
ზოგიერთი უკრაინელი სოციოლოგი ამბობს, რომ გამოკითხვები მიუთითებს, რომ უკრაინულ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობები ღრმავდება. ასევე, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ადამიანების უმრავლესობა არ ენდობა მთავრობას და პარლამენტს.
თავად ზელენსკის რეიტინგი კვლავ მაღალია, თუმცა ეს მონაცემიც ომის დაწყების პირველ წელთან შედარებით, დაეცა.