ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენს რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო კავშირი აშფოთებს


ხუთშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იზიარებს სამხრეთ კორეის შეშფოთებას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე, რომელსაც მან „ორმხრივი გზა“უწოდა და იარაღის მოძრაობას და ტექნიკურ მხარდაჭერას მოიცავს.

ბლინკენმა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარკ ჯინმა ასევე თქვეს, რომ იმსჯელეს ე.წ. შეკავების გაფართოებულ სტრატეგიაზე, რაც ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებას ეხება. ეს სტრატეგია გულისხმობს თავდასხმისგან დაცვაში შეერთებული შტატების სამხედრო შესაძლებლობების, მათ შორის მისი ბირთვული ძალების გამოყენებას და იაპონიასთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

„გვაქვს ნამდვილი შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის, მისი ბირთვული ტექნოლოგიის, კოსმოსში გაშვების შესაძლებლობების მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერის გამო“, თქვა ბლინკენმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. „ჩვენ ვმუშაობთ რათა... ამოვიცნოთ, გამოვააშკარაოთ და თუ საჭიროა დავუპირისპირდეთ ამ მცდელობებს“.

როგორც იუწყებიან, ჩრდილოეთ კორეული იარაღი ღაზაში გამოჩნდა და შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა დაგმეს, როგორც თვითონ ამბობენ, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისკენ იარაღის გადინება, რომელსაც ის უკრაინაში იყენებს.

ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთისთვის მიწოდებული იარაღის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა სამხედრო დარგში წინსვლისთვის, რუსეთისგან ტექნიკურ საკითხებში მხარდაჭერას იღებს.

XS
SM
MD
LG