ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკომ 48 აქტივისტი შეიწყალა


ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ივლისსა და აგვისტოში სულ 48 აქტივისტი შეიწყალა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, შეწყალების პროცესი ორ ეტაპად წარიმართა. ციხიდან ივლისში 18, აგვისტოში კი - 30 ადამიანი გათავისუფლდა.

საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ არ ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას აგვისტოში შეწყალებული პირების ვინაობასთან დაკავშირებით. მის გამოქვეყნებულ სტატიაში წერია მხოლოდ ის, რომ 30 შეწყალებულიდან 23 მამაკაცი და 7 ქალია და ისინი მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები არიან.

„ეს გადაწყვეტილება არის ჰუმანური ჟესტი ამ ადამიანების მიმართ. მათ მიიღეს შანსი დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, ოჯახებსა და სამსახურს“,- წერია 70 წლის ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც „ბელტა“ ავრცელებს.

ივლისში შეწყალებულთა შორის იყვნენ ასაკოვანი ადამიანები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები, ასევე აქტივისტები რომელთაც პატიმრობის ვადა ეწურებოდათ. ციხე შეწყალების საფუძველზე დატოვა პროფკავშირების ლიდერმა ვასილ ბერასნიემ, ოპოზიციის ყოფლმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რიჰორ კასტუსიუმ და ჟურნალისტმა ქსენია ლუცკინამ, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამ ეტაპზე უცნობია იგეგმება თუ არა სხვა პირების შეწყალება.

უფლებადამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ ბელარუსში ამ დროისთვის დაახლოებით 1400 ის ადამიანია კვლავ ციხეში, ვინც სასჯელს პოლიტიკური მოტივებით იხდის. მათი უმრავლესობა ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დააკავეს, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე. ოპოზიცია და დასავლური სამყარო ამ არჩევნებს, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, არალეგიტიმურად მიიჩნევს.

უფლებადამცველი ჯგუფი „ვიასნა“ ამბობს, რომ ბელარუსში კვლავ გრძელდება და ზოგ შემთხვევაში ხშირდება კიდეც პოლიტიკური მოტივებით ადამიანების დევნა. ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მხოლოდ ივლისში ბელარუში 170 ადამიანი გაასამართლეს პოლიტიკასთან დაკავშირებული ბრალდებებით.

დევნილი ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერები, რომელთა დიდი ნაწილიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფება, მიესალმებიან შეწყალების ფაქტს, თუმცა ამბობენ, რომ ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას არ მოახდენს.

ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 2025 წლის სექტემბრისთვისაა დანიშნული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG