ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სოს" - წყლის დონე 2023 წელს რეკორდულად გაიზარდა - გაერო


2023 წლის წყალდიდობა კალიფორნიის შტატში. მირო-ბეი, აშშ.
2023 წლის წყალდიდობა კალიფორნიის შტატში. მირო-ბეი, აშშ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აგვისტოს ბოლო კვირაში, განგაშის და უბედურების სიგნალი "სოს", კიდევ ერთხელ გამოსცა და შეეცადა მსოფლიო ლიდერთა ყურადღება დედამიწის დათბობისა და ყინულოვანი საფარის დნობის პრობლემისადმი მიეპყრო. 27 აგვისტოს, გაერომ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალი ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს, წყლის დონე დედამიწის რამდენიმე რეგიონში, კერძოდ - წყნარი ოკეანის აუზში - მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა და განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნა მთელ რიგ სახელმწიფოთა სანაპიროებზე მცხოვრებ მოსახლეობას.

უკვე 30 წელიწადია, რაც გლობალურად, ყოველ წელს, დედამიწაზე წყლის დონე საშუალოდ 3.4 მილიმეტრით იზრდება. მეცნიერთა გაანგარიშებით, ოკეანეებში წყლის დონემ 1880 წლის შემდეგ, 20-23 სანტიმეტრით მოიმატა, ამასთან ბოლო 10 წელში ზრდის ტემპი გაორმაგდა კიდეც. აღნიშნულ ინფორმაციას თავის ვებგვერდზე გაერო ავრცელებს.

გასულ, 2023 წელს, წყლის დონემ გლობალურად რეკორდულ დონეს მიაღწია, რასაც სატელიტებით გადაღებული ფოტოები მოწმობს, რომელთა შეგროვება 1993 წლიდან დაიწყო. სასწორზე ყოველი მეათე ადამიანის, ზღვასთან ახლოს მცხოვრები 900 მილიონი ადამიანის სიცოცხლე და კეთილდღეობაა. გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, წყლის დონის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია წყნარი ოკეანის მთელ რიგ რეგიონებში, სადაც მატება გასულ წელს გაცილებით სწრაფად მოხდა, ვიდრე სადმე სხვაგან.

"მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაპყროს წყნარ ოკეანეს და ყური დაუგდოს მეცნიერებას. ეს არანორმალური სიტუაციაა. ზღვის წყლის დონის ზრდა მთლიანად ადამიანის საქმიანობის დამსახურებაა. ეს არის კრიზისი, რომელიც მალე ისეთ წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწევს, რომ მისგან თავის დაღწევის საშუალებაც აღარ გვექნება. მაგრამ, თუ წყნარი ოკეანის რეგიონის გადარჩენას შევძლებთ, ჩვენ საკუთარ თავსაც ვიხსნით. მსოფლიომ უნდა იმოქმედოს და უპასუხოს "სოს" სიგნალს, ვიდრე ძალიან გვიანი იქნება”, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა აგვისტოს ბოლოს, როცა წყნარი ოკეანის ორი ქვეყანა, ტონგა და სამოა მოინახულა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ბოლო ერთი წელია, ყოველთვიურად, რეკორდულად მაღალ ტემპერატურაზე საუბრობს. ეს ასევე თვალშისაცემია აზიის ქვეყნებში, სადაც მსგავსი სიცხე არ უნახავთ მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ტემპერატურის აღრიცხვა და კონტროლი დაიწყო.

„გლობალურად საშუალო ტემპერატურა ბოლო, ზედიზედ 13 თვის განმავლობაში, ივნისის ჩათვლით, რეკორდულად მაღალი იყო. საუბარია 2023 წლის ივნისის დასაწყისიდან, 2023 წლის ივნისის ბოლომდე პერიოდზე“, - ამბობს კლერ ნულისი - მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პრესსპიკერი.

წელს სიცხის ტალღები, გამონაკლისის გარეშე, ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა და სულ ცოტა, 10 ქვეყანაში, ცელსიუსით 50 გრადუსს გადააჭარბა. ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახური, რეკორდულ დათბობას, ძირითადად სათბურის გაზების ემისიას მიაწერს - გამონაბოლქვს, რომელსაც წიაღისეულ საწვავზე მომუშავე საწარმოები გამოყოფენ.

„ველოდით, რომ გლობალურად ტემპერატურა მოიმატებდა, მაგრამ გაოცებულები დავრჩით იმით, თუ რამდენად მოიმატა ბოლო წლის განმავლობაში“, - აღნიშნავს ჟულიენ ნიკოლასი ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურიდან.

ხანძრები, წყალდიდობები და ქარიშხლები წელს ჩვეულებრივ რეალობად გადაიქცა. სიცხის ტალღების შემოტევა განსაკუთრებით მძიმედ აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე. ამ ზაფხულს, იტალიის საავადმყოფოებში გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 20%-ით მეტმა პაციენტმა მიმართა ვიდრე გასულ წელს. იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ განგაშის უმაღლესი დონის, წითელი გაფრთხილება წელს ქვეყნის 22 ქალაქისთვის გამოსცა.

იტალიელი ექიმის, ლუკა დი მაურიციოს თქმით, „გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ყველაზე მეტად, ხანდაზმულ მოსახლეობაზე იმოქმედებს... ზაფხული ყოველ წელს უფრო და უფრო ცხელი ხდება, გამუდმებით იზრდება ტენიანობის მაჩვენებლებიც. შესაბამისად, მათ მეტი გაფრთხილება, მოვლა და ყურადღება, უკეთ ადაპტირება სჭირდებათ“.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ სიცხით გამოწვეული პრობლემებით, დედამიწაზე ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაიღუპება. ის მსოფლიოს მთავრობებს, განსაკუთრებით კი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, მეტი ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. ვინაიდან, დრამატული ჩარევის გარეშე, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კიდევ ერთი ანგარიშის მიხედვით, დათბობა საუკუნეები და ათასწლეულებიც კი გაგრძელდება და ეს ოკეანეებს, ადამიანის საუკუნო მეგობარს, მისთვის ერთ-ერთ მთავარ „სასიცოცხლო საფრთხედ“ გადააქცევს.

ანტონიო გუტერეში მსოფლიოს წამყვან ლიდერებს ქმედებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს: "ფრონტის წინა ხაზზე დიდი ოცეულის ქვეყნები უნდა იდგნენ, ვინც ყველაზე მეტ მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, ვისაც გაძღოლის ყველაზე დიდი შესაძლებლობა აქვს და მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. მათ მასიურად უნდა გაზარდონ [კლიმატის ცვლილებებისადმი] მგრძნობიარე ქვეყნების დაფინანსებისა და მხარდაჭერის მასშტაბები”.

ბენჟამინ ჰინლის, მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, კლიმატის ცვლილებების გამოწვევებთან ბრძოლაში საკუთრი წვლილი არამარტო მსოფლიოს ლიდერებმა, არამედ თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიტანოს.

ეს იმდენად მასშტაბური გამოწვევაა, რომ ამაში დედამიწაზე მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი. რიგითი ადამიანით დაწყებული, მსოფლიოს მთავრობებით დამთავრებული, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რამდენად საგანგაშოა შექმნილი ვითარება და რამდენად სასწრაფოა კოორდინირებული ქმედება”.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კლიმატის ცვლილების პრობლემებზე და დედამიწის დათბობის გამო წყლის დონის ზრდაზე 25 სექტემბერს კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ამ საკითხებს ნიუ-იორკში შეკრებილი გლობალური ლიდერები და დარგის ექსპერტები, გაეროს ყოველწლიური გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ, საგანგებო სესიაზე განიხილავენ. გაეროში თვლიან, რომ საკითხი იმდენად კომპლექსურია, რომ ის საერთაშორისო, კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG