ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ექსტრემალური ამინდები სულ ცოტა, შემდეგი 4-5 წლის მანძილზეც გაგრძელდება. 2022 წლამდე, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის ტენდენცია პროგრესულად გაგრძელდება და მასთან დაკავშირებული კლიმატური ცვლილებებიც ისევ ძალაში დარჩება.
კლიმატის მსგავსი ცვალებადობის პირობებში, თანდათან გაიზარდა მოთხოვნა სანდო, დასაყრდნობ პროგნოზზე, რომელიც არამარტო უახლოესი კვირის, თუ თვის, არამედ მომავალი წლების ტემპერატურასაც გვამცნობს. ეს აუცილებელია, რათა უკეთ მოვემზადოთ და დათბობის გამო მომძლავრებულ ბუნებრივ კატასტროფებს უკეთ გავუმკლავდეთ. დედამიწაზე ტემპერატურის მატებას უკავშირებენ გახშირებულ წყალდიდობებს, ქარბორბალებს, ხანძრებს, თუ სხვა ბუნებრივ მოვლენებს.
მეცნიერებმა გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის გამომთვლელი ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც ადასტურებს, რომ ტემპერატურის ინტენსიური, ექსტრემალური ზრდის ტენდენცია მომავალშიც გრძელდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტემპერატურა ყველგან და ყველასთვის მოიმატებს, აღნიშნავენ ახალი კვლევის ავტორები, რომელიც 14 აგვისტოს გამოქვეყნდა.
მკვლევარების თქმით, მათი პროგნოზი არ ნიშნავს, რომ ევროპაში კიდევ უფრო მეტი ცხელი ჰავის შემოტევა იქნება, ან გაიზრდება ხანძრების რაოდენობა ამერიკაში, რომ მოსალოდნელია მეტი გვალვა აფრიკაში, თუ ყინულის მეტად დნობა არქტიკაში. იმის მიუხედავად, რომ მსგავსი მოვლენების ალბათობა იზრდება, “ჩვენ არ ვაკეთებთ ახალი ცხელი ჰავის ტალღის პროგნოზს - თბილი წელი ამას ყოველთვის არ ნიშნავს... პროგნოზი მხოლოდ გლობალურ მაჩვენებელს ეხება, არა რეგიონულ ტემპერატურას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში” - უთხრა “დოიჩე ველეს” ფლორიან სეველეკმა, კვლევის თანაავტორმა.
ამავე დროს, მეცნიერების უახლესი პროგნოზით, ოკეანეების წყლები დედამიწაზე 2022 წლამდე კიდევ უფრო დათბება. ცუდია ის, რომ წყალი გაცილებით სწრაფი ტემპით დათბება, ვიდრე ჰაერი ხმელეთზე, რაც სანაპირო რეგიონებში ტაიფუნების, ქარიშხლების და წყალდიდობების ალბათობას კიდევ უფრო გაზრდის.
მკვლევარები ჯერჯერობით თავს იკავებენ 4-5 წელზე უფრო გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებისგან. მაგრამ, ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ტემპერატურის პროგრესულად მატება 2022 წლის შემდეგაც გაგრძელდეს.
კლიმატურ ცვლილებებზე სამეცნიერო კონსენსუსი დიდი ხანია არსებობს. თუმცა, ეს საკითხი პოლიტიკური დაპირისპირებების თემად რჩება და იმის მიუხედავად, რომ ცვლილებებს სამთავრობო სამეცნიერო ორგანიზაციებიც ადასტურებენ, პოლიტიკოსები კლიმატური ცვლილებების არსებობაზე და მის შედეგებთან გამკლავების მეთოდებზე კამათს კვლავ აგრძელებენ.
კლიმატური ცვლიებები დედამიწისთვის ახალი არ არის. მეცნიერები ფიქრობენ, რომ დათბობა დედამიწაზე ბოლო 650 000 წლის მანძილზე 7-ჯერ მოხდა. მაშინდელი ცვლილებები დედამიწის ორბიტის ცვალებადობას და მზის ენერგიის მიღების ინტენსივობას უკავშირდებოდა.
შესაბამისად, ბოლო 650 000 წელიწადში ყინულის მოცულობამ პლანეტაზე 7-ჯერ იკლო და შემდეგ ისევ გაიზარდა. გამყინვარების ბოლო ეტაპი დედამიწამ 7 ათასი წლის წინ გამოიარა, რის შემდეგაც თანამედროვე კლიმატის და კაცობრიობის ცივილიზაციის ეპოქა დადგა.
“ახლანდელი დათბობის ტენდენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი უმეტესი ნაწილი უდიდესი ალბათობით (95%-ზე მეტი), მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, დედამიწაზე ადამიანის საქმიანობას უკავშირდება. და ის ისეთი ხარისხით ვითარდება, რომელიც უპრეცედენტოა დეკადებიდან საუკუნემდე” - ამბობს ნასას, შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი.
სამეცნიერო კვლევა შემდეგი 4-5 წლის მანძილზე მოსალოდნელი დათბობის შესახებ, გამოქვეყნდა ჟურნალში “ნეიჩერ”. მისი ავტორები არიან ფლორიან სეველეკი, ბრესტის უნივერსიტეტიდან (საფრანგეთი) და სიბრენ დრიფუტი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან (ბრიტანეთი).
Facebook Forum