გასულ წელს, ავსტრალიის სენატმა გადაწყვიტა საგანგებო გამოძიება ჩაეტარებინა და შეესწავლა ის, თუ რა გავლენას მოახდენს კლიმატური ცვლილებები სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ახალი ანგარიშის თანახმად, რომელიც მელბურნში სულ რამდენიმე დღის წინ, 30 მაისს გამოქვეყნდა, კლიმატური ცვლილებები არამარტო ავსტრალიას, არამედ მთელ კაცობრიობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის.
უფრო ზუსტად: მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კლიმატური ცვლილებები “ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიმდინარე და ეგზისტენციალურ რისკს წარმოადგენს”. ამასთან, ისეთ რისკს, რომელიც “განადგურების საფრთხეს უქმნის დედამიწაზე შექმნილი ინტელექტუალური სიცოცხლის ფორმის არსებობას, ან პერმანენტულად და დრამატულად გაანადგურებს მისი მომავალი განვითარებისთვის აუცილებელ პოტენციალს” - ნათქვამია ანგარიშის დასკვნით ნაწილში.
კვლევის ერთ-ერთი ავტორია გადამდგარი ადმირალი, თავდაცვის სწავლებათა ცენტრის პროფესორი კრის ბარი, რომელიც ავსტრალიის თავდაცვის ძალებს 1998-2002 წლებში ხელმძღვანელობდა. ის დღეს გლობალური სამხედრო მრჩეველთა საბჭოს წევრიცაა და კანბერაში მდებარე ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში, კლიმატური ცვლილებების ინსტიტუტში მუშაობს.
კრის ბარმა ავსტრალიის სენატს მოახსენა, რომ პირველი და მთავარი საფრთხე, რომელიც დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება, ბირთვული ომია. მეორე - ადამიანის საქმიანობითვე გამოწვეული გლობალური დათბობა, რაც კაცობრიობას ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე დააყენებს.
ავსტრალიელ მეცნიერთა ანგარიში მომდევნო 30 წლის განმავლობაში მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზს აკეთებს. მისი ავტორები აღნიშნავენ, რომ ადამიანთა მოდგმა, რომელიც დღეს 7.5 მილიარდს შეადგენს, დედამიწაზე მცხოვრებ არსებებს შორის ისედაც უკვე ყველაზე მტაცებელი სახეობაა. მაგრამ, როცა მოსახლეობა 10 მილიარდს მიაღწევს, ადამიანთა ქცევაში კიდევ უფრო დრამატული, ფუნდამენტური ცვლილებები მოხდება.
გლობალური დათბობის შედეგად მომხდარი წყლის დონის მატების გამო, დაახლოებით მილიარდი ადამიანი საცხოვრებელ ადგილს დატოვებს და შედარებით უსაფრთხო ტერიტორიისკენ დაიძვრება. ორ მილიარდამდე ადამიანს სასმელი წყლის პრობლემა გაუჩნდება. სუბტროპიკულ რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების კოლაფსი მოხდება და საკვების უკმარისობის პრობლემა მთელ მსოფლიოში გავრცელდება.
მოსალოდნელი შედეგების ზუსტი გათვლა და დაანგარიშება თითქმის შეუძლებელია, რადგან ეს “კაცობრიობის განვითარების ბოლო ათასწლეულის გამოცდილებას სცდება”. თუმცა, განვითარების არსებული ტრაექტორიის ლოგიკური ანალიზი შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნის შუა წლების მიჯნაზე, დაახლოებით 2050 წლამდე, მეცნიერები საერთაშორისო მოწყობაში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ელიან. “დედამიწაზე ადამიანთა სიცოცხლე შესაძლოა განადგურების გზაზე იყოს, თანაც ყველაზე საშინელი გზით” - აღნიშნავს პროფესორი კრის ბარი.
მსგავსი პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, ანგარიშის ავტორები ფიქრობენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი სცენარი გარდაუვალი არ არის. მაგრამ, იმისთვის რომ კაცობრიობა შექმნილ საფრთხეს გადაურჩეს, სახელმწიფოთა მთავრობების მხრიდან სასწრაფო და შეთანხმებული ნაბიჯებია აუცილებელი. საჭიროა დაახლოებით “იმავე მასშტაბის ქმედება, როგორიც ეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საგანგებო მობილიზაციის დროს” გახდა შესაძლებელი.
ავსტრალიური ანგარიშის ავტორები არ არიან პირველები, ვინც კაცობრიობისთვის კლიმატური ცვლილებებით შექმნილ საშიშროებას ეგზისტენციალურ საფრთხედ აფასებენ. ზუსტად ერთი წლის წინ, ანალოგიური განცხადება გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, რომელმაც ავსტრიაში მიმდინარე საერთაშორისო სამიტს მიმართა.
“ყოველდღიურად მიწევს თვალის გასწორება ჩვენი პრობლემური და რთული სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევებისთვის. მაგრამ, არცერთი საფრთხე არ არის ისეთი საშიში, როგორც კლიმატური ცვლილებები. თუკი ჩვენ ვერ შევძლებთ ამ გამოწვევის დამარცხებას, სხვა დანარჩენი კიდევ უფრო გაიზრდება და დაღუპვის საფრთხეს შეგვიქმნის. კლიმატური ცვლილებები ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეგზისტენციალური საფრთხეა, რომელიც პლანეტაზე არსებული სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ემუქრება, მათ შორის და განსაკუთრებით - კაცობრიობის სიცოცხლეს”. ასეთი განცხადება გააკეთა ანტონიო გუტიერეშმა ვენაში, 2018 წლის 15 მაისს.
“ეს არ არის ტექნოლოგიური, ან სამეცნიერო პრობლემა, არამედ ეს ეხება საკაცობრიო, სოციალ-პოლიტიკურ ფასეულობებს” - აღნიშნავს პროფესორი უილ შტეფენი ავსტრალიურ ანგარიშთან დაკავშირებით. მისი თანაავტორები პროფესორ კრის ბართან ერთად, არიან: დეივიდ სპრატი, კვლევების დირექტორი კლიმატის აღდგენის ეროვნულ ცენტრში და იან დანლოპი, ავსტრალიის ქვანახშირის ასოციაციის დირექტორი. ანგარიშის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ავსტრალიის კლიმატის აღდგენის ეროვნული ცენტრის გამოცემაში Breakthrough.
Facebook Forum