პლანეტის სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, დედამიწის ბუნებრივი გარემო არა თანდათან, არამედ სწრაფად მცირდება. ბუნებრივი გარემოა მცენარეები, ცხოველები, ფრინველები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები. თუ საგანგებო ზომები არ იქნა მიღებული, ტყეების მასობრივი გაკაფვა, წყლების და მიწების ჭარბი ექსპლუატაცია, ჰაერის და წყლის დაბინძურება, ცოცხალი ორგანიზმების თანდათან განადგურება, დრამატულ ცვლილებებს გამოიწვევს.
დაიწყება ადამიანთა მასობრივი მიგრაცია, გაცილებით მასშტაბური, ვიდრე ეს აქამდე იყო. საბოლოო ჯამში კი ამ ყოველივემ პლანეტაზე სიცოცხლე შესაძლოა უფსკრულის პირას მიიყვანოს.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ახალი, 8 000-გვერდიანი გლობალური შეფასების ავტორები, რომელთაც შეაჯამეს დედამიწაზე შექმნილი სიტუაცია 2005 წლიდან 2018-ის ჩათვლით. ნაშრომზე 50 ქვეყნის 150-ზე მეტი მეცნიერი და დამატებით 250 ექსპერტი მუშაობდა.
გლობალური შეფასება საბოლოო სახით მაისში გამოქვეყნდება. მისი პრეზენტაცია 6 მაისს, პარიზში, “იუნესკოს” სათაო ოფისში გამართულ მიღებაზე იგეგმება.
პარიზში შეხვედრას 130 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება და სავარაუდოდ, მოხდება შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერაც, რომელიც წარმატების შემთხვევაში, გარემოს და ადამიანის უკეთ დაცვას უზრუნველყოფს. პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა ცენტრალური ევროპის დროით, დღის 3 საათზე ვებგვერდზე: https://www.ipbes.net/
ნაშრომის ავტორია გაეროს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაცია “ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისების სამეცნიერო-საკანონმდებლო მთავრობათაშორისი პლატფორმა” (IPBES). 2012 წელს შექმნილი ორგანიზაციის მიზანია გადაწყვეტილებათა მიმღებ სტრუქტურებს მიაწოდონ საჭირო მტკიცებულებები, რათა ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების გამოყენება გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილ იქნას პლანეტაზე ადამიანთა ხანგრძლივი კარგად ყოფნა და მდგრადი განვითარება.
“ცოცხალი ორგანიზმების, ეკოსისტემების და გენეტიკური მრავალფეროვნების განადგურება უკვე წარმოადგენს ადამიანის კარგად ყოფნისთვის, მთელი თაობისთვის შექმნილ, გლობალურ საფრთხეს. შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, გადამწყვეტი გამოწვევა იქნება ბუნების მიერ ადამიანისთვის ნაბოძები, შეუფასებელი სიმდიდრის დაცვა.
ნებისმიერი დონის კანონები, მცდელობები და ქმედებები წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საუკეთესო ცოდნაზე და მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული. სწორედ ეს არის ის, რასაც IPBES-ის გლობალური შეფასება უზრუნველყოფს” - ამბობს სერ რობერტ უოტსონი, ორგანიზაციის თავმჯდომარე.
გლობალურ შეფასებაზე მეცნიერები 3 წლის მანძილზე მუშაობდნენ. მათ შეისწავლეს მთელი პლანეტის ეკოსისტემები, ანტარქტიკის გარდა, ხმელეთის და ღია ოკეანის წყლების ჩათვლით. ნაშრომი აერთიანებს 15 000-ზე მეტ წყაროს.
მეცნიერებმა გააანალიზეს პლანეტაზე ბოლო 50 წლის მანძილზე მომხდარი ცვლილებები. საუბარია მაგალითად, ვაჭრობის და სხვა გლობალური პროცესების გავლენაზე პლანეტის ბიომრავალფეროვნებაზე და ეკოსისტემებზე; იმაზე, თუ რა ცვლილებები მოუტანა ადგილობრივმა კონკურენციამ გლობალურ მდგრად განვითარებას; ასევე, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატური ცვლილებები ინვაზიურ მწერებზე, წყლის და მიწის მოხმარებაზე, გარემოს დაბინძურებაზე…
ანგარიში აჯამებს პარიზის კლიმატის ცვლილებების, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, თუ სხვა საერთაშორისო შეთანხმებების მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ (თუ ვერ მიღწეულ) პროგრესს. ის ამავე დროს, ექსპერტთა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სახელმწიფოთა მთავრობებს წარუდგენს სარეკომენდაციო ქმედებების სიას, რომელიც ვითარების გაუმჯობესების მიზნით, რეგიონული და გლობალური მასშტაბით უნდა დაინერგოს.
მაქსიმალური სიზუსტის დაცვის მიზნით, აღნიშნული შეფასება ღია და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფით, ასობით დამოუკიდებელმა გარეშე ექსპერტმა უკვე ორჯერ გაინიხილა. მათ შორის იყვნენ მეცნიერები, მთავრობის და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები.
დედამიწაზე მოსახლეობის ზრდასთან ერთად, სიმინდის და სხვა კულტურებისთვის განკუთვნილი საკულტივაციო მიწის ფართობი მომდევნო 30 წლის მანძილზე 724 მილიონი ჰექტარით გაიზრდება - აცხადებს აღნიშნულ ანგარიშზე დაყრდნობით, IPBES-ის აღმასრულებელი მდივანი ანნე ლარიგაუდერი. საუბარია თითქმის ავსტრალიის კონტინენტის ზომის ფართობზე.
“მთავარი კი აქ არის ის, თუ საიდან უნდა მოვიდეს ეს უზარმაზარი მოცულობის ახალი მიწა”? - თქვა ლარიგაუდერმა ეგვიპტეში ცოტა ხნის წინ გამართულ, გაეროს ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ბევრი მთავრობის სამინისტროთა წარმომადგენელი ესწრებოდა. “ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ნათელი უნდა მოეფინოს”. თუმცა, ლარიგაუდერის თქმით, ეჭვგარეშეა ის, რომ მიწაზე და ენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება და ამას ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი გავლენა ექნება.
ბოლო ერთი წლის მანძილზე, პლანეტაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ანალოგიური დასკვნა არაერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გამოიტანა. საგანგაშო იყო გაეროს ახალი ანგარიში, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ, თებერვალში გამოიცა.
მიწის, მცენარეების, ხეების და იმ ცოცხალი ორგანიზმების განადგურება, რომლებიც მცენარეთა დამტვერვაში მონაწილეობენ, საფრთხის ქვეშ აყენებს დედამიწაზე საკვების შექმნის ბუნებრივ პროცესს - ნათქვამია გაეროს საკვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი გარემოს მოსპობის პროცესებს სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდით უზომო გატაცებაც უწყობს ხელს. განსაკუთრებული რისკია მოსახლეობის აჩქარებული ტემპით გამრავლებაც.
მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი შემდეგ 30 წელში თითქმის გაორმაგდება. მოსახლეობა კი იქ, იმავე პერიოდში, 20 პროცენტით, 1.2 მილიარდამდე გაიზრდება.
ასევე საინტერესოა ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ანგარიში, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 40 წლის მანძილზე, პლანეტაზე ველური სამყაროს 60 პროცენტი განადგურდა.
მეცნიერები გარეული ცხოველების მასობრივ განადგურებას ტყეთა მასივების შემცირებით, გარემოს დაბინძურების ტემპების ზრდით და კლიმატური ცვლილებებით ხსნიან. მაგალითებს შორის სახელდება სპილოების პოპულაციის შემცირება ტანზანიაში 60 პროცენტით და 100 000-ზე მეტი ორანგუტანგის დაღუპვა ბორნეოში, რაც ტყეების გაკაფვის გამო მოხდა.
ანგარიშში ასევე საუბარია ბოლო 30 წლის მანძილზე, დედამიწის წყლებში მარჯნის რიფების განახევრებაზე. ამ მოვლენას მეცნიერები კლიმატური ცვლილებებით ხსნიან, რაც ადამიანის საქმიანობას უკავშირდება. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ოკეანის წყლის ტემპერატურის ზრდის გამო, პოლარული დათვების რაოდენობა 2050 წლამდე 30%-ით შემცირდება.
ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მსოფლიოს ლიდერებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისკენ მოუწოდებს, რომელიც ველურ სამყაროს დაიცავს. ფონდის გენერალური დირექტორის მარკო ლამბერტინის თქმით, ხელშეკრულება სასწრაფოდ, ორი წლის ვადაში უნდა ამოქმედდეს, რომ პლანეტის ბინადრების გადარჩენა მოესწროს.
Facebook Forum