ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზღვის დონე 2300 წლისთვის 15 მეტრამდე აიწევს - რუბრიკა “გალილეო”


რატგერსის უნივერსიტეტის მკვლევარების ახალი ნაშრომის მიხედვით, დედამიწაზე წყლის დონე გლობალური მასშტაბით მატულობს. ამერიკელი მეცნიერების ანგარიშით, ამ საუკუნის ბოლომდე, 2100 წლამდე ზღვის დონემ შესაძლოა საშუალოდ 1.5 მეტრით მოიმატოს.

თუ მანამდე ადამიანებმა აუცილებელი ზომები არ მიიღეს და გლობალური დათბობის ტემპი არ შეანელეს, 2300 წლისთვის ზღვის დონის ზრდას ნაშრომის ავტორები 15.5 მეტრამდე ვარაუდობენ. მატება წლების მიხედვით პროგრესირებს და შემდეგი 3 საუკუნის მანძილზე შემდეგი ზრდაა მოსალოდნელი:

  • 2050 წ. – 0.2-0.3 მ.
  • 2100 წ. – 0.4-1.5 მ.
  • 2150 წ. – 0.6-4.1 მ.
  • 2300 წ. – 11.7-15.5 მ.

რობერტ ი. კოპი, კვლევის თანაავტორი და რატგერსის უნივერსიტეტში დედამიწის, ოკეანის და ატმოსფეროს მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს, რომ წყლის დონის ზრდა შესაძლოა კიდევ უფრო დრამატული იყოს ნიუ-ჯერსის შტატში, სადაც უნივერსიტეტი მდებარეობს. ის არ გამორიცხავს, რომ 2100 წლამდე შტატის სანაპირო ზოლზე წყლის დონემ 3.5 მეტრით მოიმატოს.

მსოფლიოს 7.8 მილიარდიანი მოსახლეობის 11 პროცენტი სანაპირო ზოლის გასწვრივ ცხოვრობს. ზღვის დონის ასეთი ზრდა კრიტიკული მნიშვნელობის რისკებს შეუქმნის მთელ პლანეტას, ადამიანთა სიცოცხლეს, სახელმწიფოთა ეკონომიკას, საკვების წარმოებას, ინფრასტრუქტურას და ეკოსისტემებს - ნათქვამია კვლევაში.

ზღვის დონის ზრდა დროის და ადგილმდებარეობის მიხედვით, რა თქმა უნდა, განსხვავებულად მოხდება. კვლევის ავტორებმა წარსულის ტენდენციები დროსთან მიმართებაში შეისწავლეს და სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც მათ მომავლის მაღალი ალბათობით პროგნოზირების საშუალებას აძლევს.

საუკუნის დასაწყისიდან ზღვის დონემ უკვე მოიმატა 6 სანტიმეტრით. რატგერსის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ მე-20 და 21-ე საუკუნეებში ზღვის დონის ზრდის გამომწვევი მთავარი მიზეზი ადამიანის საქმიანობა იყო. მას უკავშირდება 1975 წლის შემდეგ დაფიქსირებული პროგრესირებადი გლობალური დათბობა და ზოგადად, კლიმატური ცვლილებების უმეტესი ნაწილი, რაც წყლის დონის მატებას იწვევს.

“ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია წარსულში მომხდარ, თუ მომავალში მოსალოდნელ ზღვის დონის ცვლილებებთან დაკავშირებით” - ამბობს პროფესორი კოპი. მაგრამ, მისი თქმით, “გაურკვევლობა არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ამ გამოწვევის უგულვებელყოფა მოხდეს”. მეცნიერის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია “ფრთხილად აღწერა იმის, რაც ვიცით და რაც არ გვესმის, რათა ვმართოთ რისკები, რომელსაც ზღვის დონის ზრდა უქმნის სანაპირო ზოლებს მთელ მსოფლიოში”.

ამ ნაშრომისთვის მკვლევარებმა ნიუ-ჯერსის შტატის და სინგაპურის ნაპირებზე შექმნილი ვითარება შეისწავლეს. ისინი ფიქრობენ, რომ წარსულში ზღვის დონის ზრდის ტენდენციების საფუძვლიანი შესწავლა, მომავლის პროგნოზირების ყველაზე სწორ შესაძლებლობას ქმნის.

ნაშრომის თანაავტორები არიან: ბენჟამინ პ. ჰორტონი, წარსულში რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ახლა სინგაპურის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გადავიდა და ანდრა ჯ. გარნერი, პროფესორის თანაშემწე რატგერსის უნივერსიტეტში. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ბოსტონის კოლეჯის და სინგაპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფებმაც.

კვლევის დეტალურად გაცნობა შესაძლებელი იქნება 17 ოქტომბრიდან, ჟურნალის Annual Review of Environment And Resources ელექტრონული ვერსიის საშუალებით. სამეცნიერო ჟურნალი 1976 წლიდან გამოდის.

P.S. აღნიშნული ნაშრომის გამოქვეყნების დრო დაემთხვა გაეროს ახალი ანგარიშის გამოცემას, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ პლანეტაზე დათბობა პროგრესულად გრძელდება. გაეროს ანგარიშ6 000-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომს ეყრდნობა და მას 132 ავტორი ყავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სახელმწიფოებს სასწრაფო ზომების მიღებისკენ, მათ შორის, ქვანახშირის და ბენზინის მოხმარების მაქსიმალური შეზღუდვისკენ მოუწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG