რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის წინააღმდეგაც ფედერალური და შტატის ბრალდებებია წაყენებული, რომ 2020 წლის არჩევნებში დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან წაგების ამოტრიალება სცადა, ირწმუნება რომ ჰქონდა „ყველა უფლება“ რათა იმ არჩევნებში ჩარეულიყო.
„ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ეთერში კვირას გავიდა, ტრამპმა თქვა: „ვინმეს გაუგია ბრალი დაგდონ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე, სადაც ამის ყველა უფლება გაქვს?“.
ფედერალური ბრალდება ტრამპს ბრალად სდებს, რომ მცდელობით, კონგრესისთვის ხელი შეეშალა ბაიდენის გამარჯვება დაემტკიცებინა და ამომრჩევლებისთვის სამართლიანი არჩევნების უფლების წართმევით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ თაღლითობა ჩაიდინა.
ის გასულ თვეში შესწორებული ფედერალური ბრალდების წინაშე დგას, რომელიც მას 2020 წლის არჩევნებში წაგების ამოტრიალების უკანონო მცდელობას აბრალებს.
ტრამპის წინაშე არის მსგავსი ბრალდება ჯორჯიის შტატის ფულტონის საგრაფოში, სადაც დამატებით რეკეტში ბრალდებაც წარუდგინეს, რომელიც ორგანიზებული დამნაშავეობის ჯგუფების წევრების წინააღმდეგ გამოიყენება და 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ტრამპმა, რომელიც ახლა საპრეზიდენტო კანდიდატია, არ თქვა უპირობოდ აღიარებს თუ არა 5 ნოემბრის არჩევნების შედეგს, თუ მისი მეტოქე, ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი გაიმარჯვებს.
ჰარისის კამპანიამ ორშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ფოქსზე“ ტრამპის უკანასკნელი კომენტარები და ადრე გაკეთებული შენიშვნები „ნათელს ხდის, მას სჯერა რომ კანონზე მაღლა დგას“.