ამერიკელების, დაახლოებით, ნახევარი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ფედერალური პროკურორები ლმობიერად მოექცნენ, როდესაც გასულ კვირას გადაწყვიტეს, რომ საიდუმლო დოკუმენტების, სავარაუდო, არასწორი გამოყენებისა და შენახვისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ბრალი არ წაეყენებინათ. გამოკითხვა „როიტერ-იპსოსმა“ ჩაატარა.
გამოკითხულთა, დაახლოებით, 53% ეთანხმება განცხადებას, რომ ”ბაიდენს განსაკუთრებული მოპყრობა ჰქონდა იმის გამო, რომ ის ამერიკის პრეზიდენტია”. ამ აზრს დემოკრატების 29% იზიარებს.
გამოკითხულთა 46%-მა თქვა, რომ ნაწილობრივ მაინც იცნობდა სპეციალური პროკურორის რობერტ ჰურის კომენტარებს, იმაზე, რომ ბაიდენის სამართლებრივი რთული იქნებოდა, რადგან 81 წლის ბაიდენი ნაფიცი მსაჯულების წინაში შესაძლოა წარმდგარიყო, როგორც "თანაგრძნობის მქონე, კეთილგანწყობილი, მოხუცი, ცუდი მეხსიერებით".
ბაიდენმა ჰურის მოხსენება გააკრიტიკა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტს მეხსიერების დაქვეითების პრობლემა აქვს.
გამოკითხვის შედეგები ხაზს უსვამს ბაიდენის პოტენციურ სისუსტეს, როგორც მეორე ვადით საპრეზიდენტო კანდიდატის. გამოკითხულთა დაახლოებით 78%, მათ შორის, დემოკრატების 71% ფიქრობს, რომ ბაიდენი, რომელიც ამერიკის უკვე ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია, ძალიან ასაკოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა მართოს.
მისი შესაძლო ოპონენტი ნოემბრის არჩევნებში, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 77 წლისაა, თუმცა ასაკის თვალსაზრისით, ამომრჩეველი მის მიმართ ნაკლებად სკეპტიკურად არის განწყობილი. გამოკითხულთა მხოლოდ 53% მიიჩნევს, რომ ტრამპი ძალიან მოხუცია იმისთვის, რომ ამერიკის პრეზიდენტი გახდეს.
სპეციალური გამომძიებლის საქმე ეხება ბაიდენის მიერ 2009-2017 წლებში, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტობის შემდეგ საიდუმლო დოკუმენტების სახლში წაღებას.
გამოკითხულთა 64%-ს, მათ შორის დემოკრატების 50%-ს, დამაჯერებლად მიაჩნია ბრალდება, რომ ბაიდენმა საიდუმლო ინფორმაცია სახლში უკანონოდ წაიღო. რესპონდენტების ანალოგიურმა რაოდენობა - 68% - მიიჩნევს, რომ საიდუმლო დოკუმენტები ტრამპმაც არასწორად წაიღო თეთრი სახლიდან პრეზიდენტობის შემდეგ. ეს ტრამპის მიმართ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება არის, რომელზეც სასამართლო პროცესი უკვე მიმდინარეობს.