დონალდ ტრამპი ფლორიდაში ჩაფრინდა და 12 თებერვალს, ფედერალურ სასამართლოში დახურულ სხდომაზე გამოცხადდა. პროცედურული განხილვა სისხლის სამართლის საქმეს ეხება, რომელიც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტების არასათანადო მოპყრობის ბრალდებას ეფუძნება.
საქმეზე სასამართლო მოსმენა 20 მაისს იგეგმება, მანამდე კი მხარეები პროცედურაზე თანხმდებიან. საქმეს შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე ეილი კენონი თავმჯდომარეობს. დღეს დილით ისმენენ დაცვის ადვოკატების არგუმენტაციას, დღის მეორე ნახევარში კი პროკურორების ბრალდებებს მოისმენენ. განხილვებს ასეთ დროს მეორე მხარე არ ესწრება.
ტრამპს ათეულობით დანაშაულებრივი ბრალდება აქვს წაყენებული, რომელთა ეპიცენტრშია ყოფილი პრეზიდენტის მიერ თეთრი სახლიდან წაღებული და მარალაგოს რეზიდენციაში შენახული დოკუმენტაცია. საიდუმლო დოკუმენტების დაბრუნებას გამოძიების ფედერალური ბიურო ითხოვდა, თუმცა ბრალდების მიხედვით, ტრამპი სამართალდამცავებს აფერხებდა და მათ დოკუმენტებს არ აძლევდა. მოგვიანებით, ჩხრეკის ორდერი გაიცა და გამოძიებამ არასათანადოდ შენახული და დაცული საიდუმლო დოკუმენტები ტრამპის პირადი რეზიდენციიდან ამოიღო.
Facebook Forum