ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის 5 ახლო პირზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" წერს, რომ დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის თაობაზე მოკავშირეებსა და დონორებს აზრს ეკითხება.
აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ნომინაციასთან ახლა უფრო ახლოსაა, შესაბამისად, ცდილობს გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ბიულეტენზე ნომერ მეორე რესპუბლიკელი. მართალია პარტიული არჩევნები ჯერ კიდევ ათობით შტატში უნდა ჩატარდეს და საპრეზიდენტო ნომინანტსაც პარტია მხოლოდ ზაფხულში დაასახელებს, მაგრამ როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან საყოველთაო არჩევნებში კიდევ ერთხელ შერკინებისთვის ემზადება.
"ყოველდღე, ყველგან, სადაც მიდის ყველას ამა თუ იმ ადამიანზე ეკითხება", - თქვა მისმა ერთ-ერთმა თანაშემწემ. ის და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც ტრამპის კამპანიის შიდა პროცესებს უშუალოდ იცნობს, ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.
მათი თქმით, ტრამპი განსხვავებულ რჩევებს იღებს, მათ შორის ხშირად შავკანიანი პოლიტიკოსების ან ქალების სახელებია. დონალდ ტრამპს ურჩევენ, რომ თავისი პოზიციები ამგვარად გაიმყაროს, რათა მათი ხმები თეთრ სახლში დაბრუნებაში დაეხმაროს.
ერთ-ერთი მისი ყოფილი თანამშრომელი თეთრი სახლიდან, ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა გამოხატა ინტერესი იმ რჩევის მიმართ, რომ მისი მოკავშირე და ვიცე-პრეზიდენტი ქალი პოლიტიკოსი უნდა იყოს, რადგან ეს მისი არჩევის პერსპექტივას დაეხმარება. რჩეულ კანდიდატებს შორის არიან ნიუ-იორკის კონგრესმენი ელის სტეფანიკი და სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი კრისტი ნოემი.
დონალდ ტრამპმა 10 იანვარს თქვა, რომ იცის, ვინ იქნება მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა მის კამპანიასთან დაახლოებული პირების თქმით, ის ჯერაც განაგრძობს რჩევების მიღებას იმის თაობაზე, თუ ვისი შერჩევა გაზრდის მის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს კი ცხადია იმ შემთხვევაში, თუ ის რესპუბლიკური პარტიის ნომინაციას მოიპოვებს.