ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო იმუნიტეტის საქმეზე ტრამპმა უზენაეს სასამართლოს მიმართა


აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, საპრეზიდენტო იმუნიტეტის საქმეზე, ორშაბათს უზენაეს სასამართლოს მიმართა და ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვს. კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საქმეზე, დონალდ ტრამპს სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი არ აქვს. თავად ყოფილი პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ამგვარი ფარის, იმუნიტეტის გარეშე, „პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც ის ჩვენ ვიცით, არსებობას შეწყვეტს.“

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, დონალდ ტრამპის მოთხოვნა, სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტის მინიჭების შესახებ 6 თებერვალს უარყო და უმაღლეს ინსტანციაში გასაჩივრებისთვის ვადა 12 თებერვლამდე განესაზღვრა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოპოვებისთვის იბრძვის. მისი მოპოვების შემთხვევაში, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად, კიდევ ერთხელ, ოფიციალურად დასახელდება.

„საარჩევნო სეზონის პიკში, ერთთვიანი სასამართლო პროცესი, რადიკალურად შეაფერხებს პრეზიდენტ ტრამპის უნარს, აწარმოოს კამპანია“, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, - ნათქვამია, უზენაესი სასამართლოსადმი, დონალდ ტრამპის ადვოკატების მიმართვაში.

დონალდ ტრამპის ადვოკატები მოსამართლეებს სთხოვენ, შეჩერდეს სასამართლო პროცესი იქამდე, ვიდრე, საქმის განმეორებით განსახილველად, კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა სრული შემადგენლობა არ შეიკრიბება. საჭიროების შემთხვევაში, კი, მათი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. აქამდე სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება, სამი მოსამართლით შედგენილმა კოლეგიამ მიიღო.

ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში, 4 მარტს, 4 სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილი დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი, ახალი თარიღის დადგენის გარეშე გადაიდო. ამ საქმეებზე, ბრალდების მხარეს სპეციალური პროკურორი, ჯეკ სმიტი წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარა. სასამართლო განხილვების პროცესის შენელება, ტრამპს სარგებელს მოუტანს. იმ შემთხვევაში, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და ოვალურ კაბინეტს კიდევ ერთხელ დაიკავებს, მას შეეძლება გამოიყენოს საპრეზიდენტო უფლებამოსილება და იუსტიციის დეპარტამენტს მოითხოვოს, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს, ან საჭიროების შემთხვევაში, შეიწყალოს საკუთარი თავი, ნებისმიერ ფედერალურ დანაშაულზე.

დონალდ ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ იმუნიტეტის გარეშე, პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვნად დაზარალდება. მათი მტკიცებით, პრეზიდენტის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობა, გამოიწვევს პარტიულ დევნას, გამოძალვას, შანტაჟს და სხვა მოვლენებს.

„პოლიტიკურად სადაო საკითხზე პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაძლოა ბრალდების წაყენების საფუძველი გახდეს. პრეზიდენტის ყველა გადაწყვეტილება დაექვემდებარება დაუსაბუთებელ, არასწორ ზეწოლას დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მხრიდან, ბრალის წაყენების მუქარით მას შემდეგ, რაც თანამდებობას დატოვებს“, - ნათქვამია, უზენაესი სასამართლოსადმი დონალდ ტრამპის ადვოკატების მიმართვაში.

უზენაეს სასამართლოში, 6-3 თანაფარდობით, მოსამართლეთა კონსერვატიული უმრავლესობაა. მათ შორის სამი, დონალდ ტრამპის მიერ არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG