ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი მონღოლეთში ჩავიდა, სადაც ის არ დააკავეს


სავარაუდო სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკავშირდება ვლადიმირ პუტინი მონღოლეთში არ დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ დააახლოებით 18 თვის წინ გასცა, მონღოლეთი, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანაა მზად არ აღმოჩნდა ნაკისრი პასუხისმგებლობის შესასრულებლად.

მონღოლეთმა არც უკრაინის ხელისუფლების წინმსწრები განცხადება გაითვალისწინა, სადაც კიევი ვლადიმირ პუტინის დაკავებას და ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემას მოითხოვდა. გაუთვალისწინებელი დარჩა რუსეთის გარეთ მცხოვრები ათობით რუსის წერილიც, სადაც ისინი მონღოლეთს პუტინის „დაუყონებლივი დაკავებისკენ“ მოუწოდებდნენ. კრემლი ამბობს, რომ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

დიმიტრი მედვედევი, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „არაკანონიერია“. სამშაბათს მედვედევმა თქვა, რომ ის ვინც სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას შეეცდება „შეშლილი“ იქნება.

მაშინ როცა მონღოლეთში ვლადიმირ პუტინი ოფიციალურ, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, მონღოლეთის ხელისუფლება არღვევს რომის სტატუტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რაც გულისხმობს ეჭვმიტანილების დაკავებას, რომელთა შესახებაც საერთაშორისო სისხლის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მონღოლეთი რომელიც რუსეთს ესაზღვრება და დამოკიდებულია რუსულ საწვავსა და ელექტროენერგიაზე, იძულებულია არ გაითვალისწინოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ჰააგის სასამართლოს კი აღსრულების ორდერი არ გააჩნია.

მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პუტინი უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, შეხვედრამდე გაიმართა საზეიმო დახვედრის ცერემონიაც. პუტინის ვიზიტს ადამიანთა მცირე ჯგუფი აპროტესტებდა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიას პოლიციამ განარიდა.

ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მონღოლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები „ყველა სფეროში ვითარდება“ და მონღოლეთის პრეზიდენტი ყაზანში თვის ბოლოს „ბრიქსის“ სამიტზე მიიწვია, რომელსაც რუსეთთან ერთად ჩინეთი უდგას სათავეში.

ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ დაახლოებით 18 თვის წინ გასცა, დაკავების მიზაზი კი უკრაინიდან ბავშვების გატაცებაში რუსეთის პრეზიდენტის ჩართულობა დასახელდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG