ამერიკაში, სექტემბრის პირველი ორშაბათი ფედერალური მასშტაბით დასვენების დღედაა გამოცხადებული. შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ შრომის დღეს აღნიშნავენ.
ტრადიციულად, ამ დროს ზაფხულის პერიოდის დასრულებას კიდევ ერთი უქმე დღით, ე.წ. "გრძელი უქმეებით" აღნიშნავენ, შვებულებებს ასრულებენ, შინ ბრუნდებიან, ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კი სამშაბათიდან ახალი სასწავლო წელი იწყება. ბევრ სავაჭრო ქსელსა თუ მაღაზიაში სპეციალური ფასდაკლებებია გამოცხადებული.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაცია ამბობს, რომ წელს ქვეყნის აეროპორტებში 17 მილიონამდე მგზავრი დაფიქსირდება, ეს გასული წლის მგზავრთა რაოდენობაზე 8 %-ით მეტია. ბევრი ავტომობილითაც მგზავრობს, მათთვის წელს ბენზინის საფასური, შარშანდელთან შედარებით, 10 %-ით დაბალია.
ბევრ ქალაქში დასაქმებულები სპეციალურ აქციებსაც გამართავენ. ეს ტრადიცია 1882 წლის ნიუ-იორკის მარშიდან იღებს საფუძველს, როცა ქუჩებში 10 000-ზე მეტი დასაქმებული გამოვიდა. თუმცა, ეროვნული მასშტაბით ეს დღე დღესასწაულად 1894 წელს აღიარეს, როცა პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა, სექტემბრის პირველი ორშაბათი შრომისა და მშრომელთა დღედ დააწესა.