„ზედმეტი თავისუფლების მსხვერპლი“, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთში, რუსეთში დაბადებული პაველ დუროვის დაკავების ფაქტს, რომელიც პოპულარული სოციალური ქსელის, „ტელეგრამის“ დამფუძნებელია.
„პაველ დუროვი ზედმეტად თავისუფალი იყო. მან არ მოუსმინა დასავლურ რჩევებს მისი გონების მოდერაციის შესახებ“, - ამბობს ლავროვი მაშინ, როცა საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები ამბობენ, რომ დუროვის მიერ შექმნილი „ტელეგრამით“ თაღლითობა, ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი კონტენტის გავრცელება და ნარკოტიკებით ვაჭრობა ხდებოდა. ფრანგი გამომძიებლების მიერ, დუროვის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები გაცილებით მეტია, რის გამოც დუროვი საფრანგეთში დააკავეს.
წარდგენილ ბრალდებებს „აბსურდს“ უწოდებს დუროვის ადვოკატი და ამბობს, რომ ის უდანაშაულოა.
დუროვის შესახებ მოსკოვის განცხადებები ფრთხილია. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი იმედს გამოთქვამს, რომ საქმე „პოლიტიკურ დევნად“ არ იქცევა.
„მთავარია, რაც საფრანგეთში ხდება არ გადაიზარდოს პოლიტიკურ დევნაში“, - ამბობს პესკოვი მაშინ, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი განმარტავს, რომ დუროვის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
პაველ დუროვი წარმოშობით რუსია და ცნობილია, რომ ის პუტინის გარემოცვასთან დაპირისპირებული პირია. წლების განმავლობაში, დუროვი რუსეთში არ ცხოვრობს და მას საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს. დუროვის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი „ტელეგრამი“ , მილიარდი მომხმარებლით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციად ითვლება, განსაკუთრებით რუსეთში, უკრაინაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. სოციალური ქსელის მიმართ მოთხოვნა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის პერიოდში აპლიკაციას, როგორც უკრაინელები ასევე რუსები იყენებენ, რათა დროულად გავრცელდეს საჭირო მასალები და ინფორმაცია.
Facebook Forum