სამხედრო ოპერაციის დღე მესამე - ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს უტევს. იერიშების მთავარი ეპიცენტრი კი ქალაქი ჯანინია. ორივე მხარის ცნობით, ამ დროისთვის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 16 პალესტინელია მოკლული.
ღაზის სექტორში ისრაელის იერიშების პარალელურად, გაერო ისრაელს ომის და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ომის დასრულებისკენ ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც მოუწოდებს, რომელიც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატიცაა. ჰარისი ფიქრობს, რომ ომის დასრულების დრო დადგა, თუმცა პირობას დებს, რომ თუ ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტად მისი არჩევა მოხდება, ის ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას არ შეაჩერებს.
სამხედრო ოპერაციისა და ომის შეწყვეტის მოწოდებების მიუხედავად, ისრაელი ამბობს, რომ დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის თავდაცვის ძალები „კონტრტერორისტულ“ ოპერაციას ატარებენ. სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სხვადასხვა ქალაქში კვლავ ისმის აფეთქებების ხმა. „ფრანს პრესის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ აფეთქება მოხდა ლტოლვილთა ბანაკშიც, სადაც მან კვამლი დააფიქსირა.
არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა დაბომბეს ქალაქ ჯენინინის მისადგომები, კერძოდ - ტერორისტების თავშესაფარი. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხუთშაბათს საღამოს, უკან დაიხიეს რამდენიმე ქალაქიდან დასავლეთ სანაპიროზე და შეუერთდნენ დანაყოფებს ქალაქ ჯანინთან განთავსებულ ძალებს. ქალაქი ჯენინი ბოევიკების კერად მოიაზრება.
ისრაელმა ომი გასული წლის 7 ოქტომბერს, არაერთი დასავლური ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. ისრაელზე თავდასხმისას, „ჰამასმა“ 1 200 ადამიანი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა. ნოემბერში, ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შედეგად, 100-ზე მეტი მძევალი გათავისუფლდა. მიიჩნევა, რომ ღაზაში, დაახლოებით 110 მძევალი კვლავ რჩება. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მძევალთა დაახლოებით მესამედი მოკლულია.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის მიერ მაშინვე დაწყებული საპასუხო ომის შედეგად, ამ დრომდე, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 40 000-ს გადააჭარბა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენი მეომარია და რამდენი - მშვიდობიანი მოქლაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომის განმავლობაში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.
Facebook Forum