30 აგვისტოს რუსეთის ციმბირის რეგიონში, ახალი ამბების რედაქტორს, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე კრიტიკული მასალის გამოქვეყნებისთვის, რვა წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანეს.
ალტაის რეგიონში მცხოვრები ჟურნალისტი და რედაქტორი სერგეი მიხაილოვი, კრემლის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პირველ კვირებში დააკავეს. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, რუსეთში ამოქმედდა უკრაინაში რუსეთის ე.წ. სამხედრო ოპერაციის კრიტიკის ამკრძალავი რეპრესიული კანონები.
მან კიევის გარეუბან ბუჩაში და მარიუპოლში სამოქალაქო მოსახლეობის დაღუპვის შესახებ ცნობები ინტერნეტზე გამოაქვეყნა.
ქალაქ გორნო-ალტაისკის სასამართლომ 48 წლის ჟურნალისტს სასჯელი შეუფარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში“ დამნაშავედ ცნო. პროკურორებმა განაცხადეს, რომ ის „პოლიტიკური სიძულვილით იყო მოტივირებული“.
მიხაილოვი მუშაობდა მცირე ოპოზიციურ მედიაარხზე „ლისტოკი“, ციმბირის ალტაის რესპუბლიკაში - რეგიონში, რომელმაც უკრაინაში ბევრი ჯარისკაცი გააგზავნა.
სასამართლოში წარმოთქმულ სიტყვაში მიხაილოვმა თავისი ნამუშევარი დაიცვა და უკრაინაში ჯარის გაგზავნისთვის კრემლი მკაცრად გააკრიტიკა.
მან თქვა, რომ მიმდინარე მოვლენათა შესახებ რუსეთის მთავრობის მიერ გაკეთებულმა ინტერპრეტაციამ, რომელიც უკრაინის კანონიერ ხელისუფლებას „ფაშისტებს“ უწოდებს, საინფორმაციო სივრცეში მთელი ვირტუალური სამყარი შექმნა და ეს ბურუსი სულ უფრო გაძლიერდა“.
„ჩემი პუბლიკაციები ამ ბურუსის წინააღმდეგ იყო გამიზნული, რათა ჩემი მკითხველები სიცრუეს არ შეეცდინა და შეიარაღებულ კონფლიქტში მკვლელი ან მსხვერპლი არ გამხდარიყო და მოძმე უკრაინელი ხალხისთვის ზიანი არ მიეყენებინა“, - განაცხადა მიხაილოვმა.
მონიტორ „ოვდ-ინფოს“ მონაცემების თანახმად, 2022 წლის თებერვალში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის კრიტიკისთვის, რუსეთში 1000-ზე მეტი ადამიანი გაასამართლეს.