იაპონიის ხელისუფლების მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც დაშვების შემდეგ სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა, საკონტროლო კოშკმა დასაფრენ ბილიკზე დაშვების ნებართვა მისცა. სანაპირო დაცვის შედარებით პატარა თვითმფრინავს კი ჯერ არ ჰქონდა ბილიკზე გასვლის ნებართვა.
ინფორმაცია აეროპორტის საკონტროლო კოშკთან საუბრის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ და მათი შესწავლის საფუძველზე გავრცელდა.
შეჯახება 2 იანვარს, ტოკიოს აეროპორტში მოხდა. ჰანედას აეროპორტში დაშვებისთანავე, სამგზავრო თვითმფრინავი სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა. ავარიის შედეგად, დიდ სამგზავრო "აერობუს - A350"-ს ცეცხლი მოედო.
იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავზე 379-ვე მგზავრი გადარჩა. ეკიპაჟის წევრების ევაკუაციაც დროულად განხორციელდა, ვიდრე თვითმფრინავი მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვეოდა. თუმცა, სანაპირო დაცვის თვითმფრინავზე ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ხუთი დაიღუპა და მისი კაპიტანი დაშავდა. შეჯახების გამო, 20-მდე ადამიანი დაშავდა.
გამოძიება ჯერ ახალი დაწყებულია და ინციდენტთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლობაა, მათ შორის ისიც, თუ რატომ მოხვდა ორი თვითმფრინავი ერთ ასაფრენ ბილიკზე. მაგრამ, ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული საგზაო მოძრაობის კონტროლის ინსტრუქციების ჩანაწერები, აჩვენებს, რომ იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავზე დაშვების ნებართვა გაცემული იყო, სანაპირო დაცვის თვითმფრინავს კი უთხრეს, რომ ასაფრენ ბილიკთან ახლოს მდგარიყო.
იაპონიის სანაპირო დაცვის განცხადებით, მათი თვითმფრინავი ნიგატაში მიემართებოდა, სადაც იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, ევაკუირებულებისთვის დახმარება ჩაეტანა. ახალი წლის პირველ დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, იაპონიაში ათობით ადამიანია დაღუპული. მაშველები ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას ჯერ კიდევ აგრძელებენ.
Facebook Forum