ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონელი მაშველები მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილებს ეძებენ


მიწისძვრით დაზიანებული გზა ქალაქ ნოტოსთან. იაპონია, 2 იანვარი, 2023 წ.
მიწისძვრით დაზიანებული გზა ქალაქ ნოტოსთან. იაპონია, 2 იანვარი, 2023 წ.

ძლიერმა მიწისძვრამ, რომელიც იაპონიას საახალწლოდ დაატყდა თავს, სულ ცოტა, 48 ადამიანი იმსხვერპლა. ყინვის მიუხედავად, სამაშველო ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ და ცდილობენ იზოლირებულ ტერიტორიებს მიაღწიონ, სადაც შიშობენ, რომ შენობების ნანგრევებში ბევრი ადამიანია მოყოლილი.

1 იანვარს მომხდარი მიწისძვრა დაახლოებით 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ის განსაკუთრებით იშიკავას სანაპიროზე იგრძნობოდა. შემდეგ საათებში კი მას საშუალოდ 5 მაგნიტუდის სიმძლავრის 200-მდე დამატებითი ბიძგი მოჰყვა.

პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ 2 იანვარს თქვა, რომ მიწისძვრის ზარალის მასშტაბი თანდათან "უფრო იკვეთება" კატასტროფიდან 24 საათის შემდეგ. "მთავრობამ რეგიონში გააგზავნა პოლიციის, სახანძროს და სასწრაფო დახმარების სამაშველო ჯგუფები და ყველაფერს აკეთებს ადამიანთა გადასარჩენად და გადარჩენილთა დასახმარებლად. მაგრამ, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ელოდება ხსნას დანგრეული შენობების ქვეშ“ - განაცხადა 2 იანვარს ქვეყნის ლიდერმა.

ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ზღვისპირა ქალაქ სუზუში, სადაც 5 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, სახლების 90% დანგრეულია. ვითარებას ქალაქის მერი მასუჰირო იზუმია "კატასტროფულს" უწოდებს. ეპიცენტრის სიახლოვეს გადაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი და შეწყვეტილია სწრაფი მატარებლის მოძრაობა ტოკიოსა და იშიკავას შორის.

მიწისძვრამ ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. მიმდებარე რეგიონებში ცუნამის საშიშროება გაჩნდა, რის გამოც მოსახლეობას ევაკუაცია ურჩიეს. მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ძლიერმა ტალღებმა სანაპიროებზე სახლების და მანქანების ნაწილი ზღვაში გადარეცხა.

XS
SM
MD
LG