ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, რომელსაც გასულ წელს რუსეთში მსჯავრი ჯაშუშობისთვის დასდეს, საპატიმროს წესების უცნობი დარღვევის გამო სადამსჯელო, განმარტოებულ საკანში მოათავსეს. უელანი ბრალს არ აღიარებს.
29 ივლისს უელანის ადვოკატმა ვლადიმირ ჟერებენკოვმა თქვა, რომ გამასწორებელი კოლონიის ხელმძღვანელობამ მას ტელეფონით შეატყობინა, რომ შიდა რეჟიმის დარღვევის გამო,ველანი ე.წ. “სადამსჯელო განმარტოებულ საკანში” მოათავსეს.
უელანის სხვა ადვოკატმა, ოლგა კარლოვამ თქვა, რომ უელანის ძმამ დევიდმა მას დაუდასტურა, რომ ის განმარტოებულ საკანში იმყოფებოდა.
დევიდ უელანმა “ინტერფაქსის” სააგენტოს უთხრა, რომ ივლისის დასაწყისიდან, მისი ძმა სადამსჯელო საკანში მეორედ მოათავსეს. დევიდის თანახმად, ახლანდელ იზოლაციამდე, მისი ძმა უცნობი მიზეზით განმარტოებულ საკანში 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
უელანი მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაგმო, როგორც “მართლმსაჯულების დაცინვა”, 2020 წლის მაისში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
51 წლის უელანი სასჯელს მოსკოვიდან 350 კილომეტრით მოშორებულ მორდოვის რეგიონში, ნომერ 17 გამასწორებელ კოლონიაში იხდის. ეს რეგიონი ისტორიულად ცნობილია, როგორც რუსეთის უმკაცრესი ციხეების ადგილი, მათ შორის საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრების ბანაკების ადგილი.
პოლ უელანმა ჯაშუშობის ბრალდება უარყო და ციხის მცველებს მისდამი არასათანადო მოპყრობაში დასდო ბრალი. აშშ-მ რუსეთის ხელისუფლება უელანის მიმართ “სამარცხვინო მოპყრობის” გამო გააკრიტიკა.
Facebook Forum