ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ისტორიკოსმა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის ჯილდო მიიღო


რუსი ისტორიკოსი იური დიმიტრიევი, 2020 წლის ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის ფრანკო-გერმანული ჯილდოს ფინალისტების სიაში მოხვდა. დიმიტრიევი ამჟამად დაპატიმრებულია და 13-წლიანი სასჯელი აქვს მისჯილი ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის მუხლით. ის და მისი მომხრეები ამბობენ, რომ ეს ბრალდება აბსურდია და მხოლოდ პოლიტიკურადაა მოტივირებული.

ადამიანის უფლებების ცენტრმა, რომელსაც სათაო ოფისი მოსკოვში აქვს, 14 დეკემბერს განაცხადა, რომ დიმიტრიევი იმ 13 უფლებადამცველს შორის იყო, ვინც პრიზის ლაურეატი გახდა. პრიზი 2016 წელს საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაარსეს და ის იმ პირებს გადაეცემათ, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების დაცვაში თავიანთ ქვეყნებში, ან საერთაშორისო მასშტაბით.

64 წლის დიმიტრიევი ადვილობრივი ორგანიზაციის, „მემორიალის“ ხელმძღვანელია. მისი საქმე ახლა სასამართლოში ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნის მუხლით განიხილება. ის და მისი მხარდამჭერები ამ ბრალდებასაც უარყოფენ და მასაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

ასეთი მძიმე ბრალდებებით ბრძოლა ისტორიკოსის წინააღმდეგ 2016 წელს დაიწყო. დიმიტრიევმა ათეულობით წელი შეალია იმ არაკანონიერი სიკვდილით დასჯის საქმეების შესწავლას, რომლის ბრძანებაც იოსებ სტალინმა გასცა რუსეთის ერთ-ერთ რეგიონ კარელიაში. დიმიტრიევი იმ ფოტოების საფუძველზე დააკავეს, რომელიც მის კომპიუტერში იპოვეს. ფოტოებში მისი შვილად აყვანილი ბავშვები იყო ასახული.

დიმიტრიევის განმარტებით, ფოტოები, რომლებიც მის კომპიუტერში აღმოაჩინეს პორნოგრაფიული ხასიათის არ იყო და ისინი სოციალური მუშაკის თხოვნით იყო გადაღებული, რომელსაც ბავშვების ფიზიკური განვითარება აფიქრებდა.

დიმიტრიევი 2018 წლის აპრილში გაამართლეს, მაგრამ კარელიის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორების საჩივარი და ახალი სასამართლო განხილვა დანიშნა. 2018 წლის ივნისში კი, უფრო მძიმე ბრალი წაუყენეს- არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა.

სასამართლო პროცესის შემდეგ, ის დამანაშავედ სცნეს შემდეგი მუხლით: "სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედება, ჩადენილი 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ" და 2018 წლის ივლისში 3 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. დიმიტრიევი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიიჩნევს, რომ მას სტალინის დანაშაულებზე ჩატარებული გამოკვლევების გამო ებრძვიან.

პროკურორებმა, რომლებმაც გახმაურებულ საქმეზე 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს, განაცხადეს, რომ თავდაპირველი განაჩენი იყო "ძალიან მსუბუქი" და სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს. იმავდროულად, დიმიტრიევის დაცვის მხარემაც, იმ მოტივით, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულო იყო, ასევე გაასაჩივრა საქმე.

29 სექტემბერს, ისტორიკოსის გათავისუფლების ვადის მოახლოების დროს, კარელიის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი და დიმიტრიევს პატიმრობის ვადაზე კიდევ 9წელი და 6 თვე დაუმატა.

ამის შემდეგ, ათობით რუსმა და საერთაშორისო მეცნიერმა, ისტორიკოსმა, მწერალმა, და პოეტმა მეცნიერის მხარდასაჭერად განცხადებები გამოაქვეყნა, ხოლო ევროკავშირმა დიმიტრიევის გათავისუფლება მოითხოვა.

დიმიტრიევის კვლევა სტალინის მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის მთავრობაში მწვავე კრიტიკით მიიღეს. პუტინის მმართველობის პერიოდში სტალინმა რეაბილიტაცია გაიარა და რუსეთის მთავრობა დიდი პატივით მოიხსენებს მის მმართველობას საბჭოთა კავშირის დროს.
სტალინის რეჟიმის დროს მილიონობით ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, გადაასახლეს შრომით გამოსასწორებელ ბანაკებში, ან შიმშილით სიკვდილამდე მიიყვანეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG