ირანში, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯას, საერთაშორისო შეშფოთება მოჰყვა. ჟურნალისტის საქმიანობამ 2017 წლის ანტისამთავრობო გამოსვლებში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანის ნაბიჯი დაგმო და მას "უსამართლო" და "ბარბაროსული" უწოდა.
47 წლის რუჰოლა ზამი, რომელიც ადრე საფრანგეთში იძულებით გადასახლებაში იმყოფებოდა, 12 დეკემბერს ჩამოახრჩვეს. მას ბრალი ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში და ჯაშუშობაში ედებოდა.
ზამი ირანის ციხეში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, 2019 წელს, მეზობელ ერაყში მოგზაურობისას, დაზვერვის ადგილობრივმა სამსახურებმა დაატყვევეს.
ზამის სიკვდილით დასჯა ივნისში მიუსაჯეს. მისი სასამართლო პროცესი, მედიის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, “ჟურნალისტები საზღვრების გარეშე” დაახასიათა, როგორც “უაღრესად უსამართლო”.
პომპეო სიკვდილით დასჯით გამოწვეულ საერთაშორისო აღშფოთებას შეუერთდა და თქვა, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს "რეჟიმის მიერ საზღვარგარეთ გატაცებული ირანელი ჟურნალისტის უსამართლო, ბარბაროსულ სიკვდილით დასჯას.”
“ზამიმ ფარდა ახადა რეჟიმის სისასტიკეს და კორუფციას, რომელმაც 41 წლიანი ტერორის განმავლობაში 860-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლა ან დაატუსაღა", - დაწერა პომპეომ "ტვიტერზე".
გაეროს ადამიანის უფლებების სააგენტოს ხელმძღვანელმა მიშელ ბაჩელეტმა თქვა, რომ მომხდარით “აღშფოთებულია” და ირანს დაჟინებით მოუწოდა, სიკვდილით დასჯის “საგანგაშო და მზარდი” გამოყენება შეაჩეროს.
საპასუხოდ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ზამის სიკვდილით დასჯა კანონიერად მოხდა და რომ ირანის სასამართლო დამოუკიდებელია.
“მათ (ევროპელებს) უფლება აქვთ კომენტარი გააკეთონ, მაგრამ ზამის სიკვდილით დასჯა სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა... ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან ირან-ევროპის ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს", - თქვა სატელევიზიო კომენტარში როჰანიმ.
ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის მიმართ პროტესტის ნიშნად, საფრანგეთმა, გერმანიამ და ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ, ირანსა და ევროკავშირს შორის ბიზნეს ფორუმში, რომელიც 14 დეკემბერს თეირანში უნდა დაწყებულიყო, თავისი ელჩების მონაწილეობა გააუქმა.
შედეგად, სამდღიანი ევროპა-ირანის ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორებმა, 13 დეკემბერს ფორუმის გადადების შესახებ გამოაცხადეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.