ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, არის მსხვერპლი


აზერბაიჯანის თავდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გასულ თვეში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რომლითაც ეთნიკურ სომხებსა და ბაქოს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო დაპირისპირება დასრულდა, მისი ოთხი ჯარისკაცი მოკლეს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში დეტალები იმაზე, თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული, არ დაუზუსტებია.

ერთი დღით ადრე, ორივემ ერევანმაც და ბაქომაც, ერთმანეთს ბრალი დასდო სამხრეთში ჰადრუტის რაიონში დაპირისპირების განახლებაში და რუსეთის მიერ მოლაპარაკებული ზავის დარღვევაში.

უცნობია, აზერბაიჯანის 13 დეკემბრის დღევანდელი განცხადება, უკავშირდება თუ არა, ჰადრუტის რაიონს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უხეშ დარღვევაში“ დასდო ბრალი, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ერთი დღით ადრე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალები ეთნიკური სომხების პოზიციებზე, ჰადრუტის მახლობლად, თავდასხმის მიტანაში დაადანაშაულა.

11 დეკემბრის შეტაკებების შედეგად, მთიანი ყარაბაღის სომხური დე ფაქტო ადმინისტრაციის განცხადებით, რომელიც ტერიტორიას 10 ნოემბრის შეთანხმებამდე აკონტროლებდა, მათი სამი მებრძოლი გარდაიცვალა.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია, თუმცა გასულ თვის შეთანხმებამდე, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, მას და მის გარშემო შვიდ რეგიონს, ეთნიკურად სომხები აკონტროლებდნენ.

წლების განმავლობაში, მხარეებს შორის აქ მცირემასშტაბიანი დაპირისპირებები ხშირი იყო, თუმცა სექტემბერში ბაქომ ტერიტორიაზე კონტროლის დასაბრუნებლად სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედება დაიწყო და წარმატებას მიაღწია. ბაქო ახლა უკვე საკუთრივ მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილს და მის გარშემო ტერიტორიას აკონტროლებს.

მხარეები რუსეთის შუამდგომლობით ნოემბრის დასაწყისში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შედეგად, ადგილზე 2000 რუსი მშვიდობისმყოფელი განთავსდა.

რუსმა სამშვიდობოებმა განაცხადეს, რომ ჰადრუტის გარშემო დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა, თუმცა არ უთქვამთ, ვინ მოახდინა მისი პროვოცირება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG