მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის მიერ არჩევნებში გამარჯვება დაადასტურა, არჩეული პრეზიდენტი სამშაბათს ჯორჯიის შტატში ჩადის, სადაც 5 იანვარს სენატის წევრობის კანდიდატებს შორის მეორე ტური უნდა გაიმართოს. ჯორჯიის შტატში, სენატის ორი მანდატი კრიტიკული იქნება იმის განსასაზღვრად, თუ როგორ წარიმართება ბაიდენის პოლიტიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ექნება თუ არა დემოკრატ პრეზიდენტს ამ პალატის მხარდაჭერა.
3 ნოემბრის არჩევნებისას ამერიკის მოქალაქეებმა, საპრეზიდენტო კანდიდატის გარდა, კენჭი უყარეს წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის ნაწილსაც. დემოკრატებმა პალატაში უმრავლესობა შეინარჩუნეს, სენატის ბედი კი სწორედ ჯორჯიაში გადაწყდება.
ჯორჯიაში, რომელიც ტრადიციულად, რესპუბლიკური, "წითელი" შტატია, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. ის პირველი დემოკრატი გახდა, 1992 წლის შემდეგ, რომელმაც იქ გამარჯვებას მიაღწია.
ახლა შტატისკენ დიდი ყურადღებაა მიპყრობილი. დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები, იქ განსაკუთრებით ცდილობენ საკუთარი კანდიდატების მხარდაჭერას.
რესპუბლიკელი სენატორები დევიდ პერდუ და კელი ლოფლერი არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ ჯონ ოსოფსა და რაფაელ ვორნოკს უპირისპირდებიან. რესპუბლიკელები ამ ორიდან ერთი მანდატის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, სენატის კონტროლს შეძლებენ.
ბაიდენის დღევანდელ ვიზიტამდე, 9 დღით ადრე შტატს დონალდ ტრამპიც ეწვია და რესპუბლიკელ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
ჯორჯიაში ორშაბათს ნაადრევი კენჭისყრის პროცედურები უკვე დაიწყო. 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, მოქალაქეებს ახლაც აქვთ უფლება ისარგებლონ ფოსტით ხმის მიცემის უფლებით. ფლორიდის უნივერსიტეტის საარჩევნო პროექტის თანახმად, მილიონ 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ უკვე მოითხოვა ბიულეტენი, 260 000-ზე მეტმა კი უკვე ჩააბარა ის არჩევანის დაფიქსირების შემდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი ოფიციალურად 14 დეკემბერს გამოაცხადა. ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვებისთვის, მინიმუმ საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაზე მეტი სჭირდებათ. ჯო ბაიდენმა 306 ხმა დააგროვა, პრეზიდენტმა ტრამპმა კი - 232.
Facebook Forum