ჯო ბაიდენმა ჯორჯიის შტატი მოიგო. ეს დემოკრატებისთვის დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან, ბოლო 30 წელია, ჯორჯიის შტატი, მუდამ, რესპუბლიკელებს უჭერდა მხარს და ე.წ წითელ შტატად ითვლებოდა.
სააგენტო "ასოშეითიდ პრესმა" ჯო ბაიდენი ჯორჯიის შტატში გამარჯვებულად ხუთშაბათს გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯორჯიის შტატში, ადგილობრივი საარჩევნო ოფისის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტ ტრამპს, დაახლოებით, 12,000 ხმით უსწრებდა წინ. ჯორჯიაში თითქმის 5 მილიონი ხმაა დათვლილი. ამ შტატში გამარჯვებამ ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში დამატებით 16 ხმა მოუტანა.
თუმცა, ჯო ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტად უფრო ადრე გამოცხადდა, ვიდრე ჯორჯიის შტატის ხმები იქნებოდა ცნობილი. სააგენტო "ასოშეითიდ პრესმა", ისევე როგორც, სხვა დიდმა მედია ორგანიზაციებმა, ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც მან საარჩევნო კოლეგიის საჭირო 270 ხმა მოაგროვა სხვადასხვა შტატებში გამარჯვებით. სწორედ ამდენი ხმაა, მინიმუმ, საჭირო, რომ კანდიდატი არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდეს. ახლანდელი მონაცემებით კი, არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა აქვს, რაც საჭირო მინიმუმზე 36 ხმით მეტია.
დონალდ ტრამპმა და მისი კამპანიისა და ოფისის წევრებმა, მტკიცებულებების გარეშე, გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ ჯორჯიის შტატში, არჩევნების დროს მასშტაბურ გაყალბებას ჰქონდა ადგილი.
ჯორჯიის შტატში ამომრჩეველს მხარი დემოკრატი კანდიდატისთვის 1992 წლის შემდეგ არ დაუჭერია. ბოლო დემოკრატი კანდიდატი, რომელიც მათ ბაიდენამდე აირჩიეს, იყო ბილ კლინტონი, რომელიც გახდა კიდეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მას შემდეგ, ჯორჯია, მუდმივად, რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევდა ხოლმე და ასე იყო 2016 წელსაც, როდესაც მათ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს დაუჭირეს მხარი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯია, ამდენი ხანია რესპუბლიკელებს უჭერდა მხარს, ბევრი ანალიტიკოსი წინასწარ ამბობდა, რომ სწორედ ეს შტატი გახდებოდა ძირითადი ბრძოლის ველი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ძირითადად მიზეზი ამისა კი ისაა, რომ ფერადკანიანი ამომრჩევლების მზარდ რაოდენობაში, რესპუბლიკელების მხარდაჭერა მცირდებოდა, განსაკუთრებით კი ატლანტის გარეუბნებში.
ჯორჯიაში, ბაიდენის გამარჯვება, დიდ პოლიტიკურ ცვლილებად აღიქმება, 2016 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა იქ ჰილარი კლინტონს 5%-იანი უპირატესობით მოუგო არჩევნები.
Facebook Forum