ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჯორჯიის შტატში ჩადის. შტატი ერთი მხრივ საპრეზიდენტო არჩევნების ხმების გადათვლის, მეორე მხრივ კი სენატის ორ უმნიშვნელოვანეს ოლქში იანვარში დაგეგმილი მეორე ტურის გამო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
სენატის არჩევნების მეორე ტური ჯორჯიაში 5 იანვარს უნდა გაიმართოს. აქ ორ სენატორს აირჩევენ და ეს გადამწყვეტი იქნება სენატში ამა თუ იმ პარტიისთვის კონტროლის მოსაპოვებლად.
დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს, მაიკ პენსი კი ჯორჯიაში ქალაქ კანტონსა და გეინსვილში ჩავა, რათა სენატორებს - დევიდ პერდუსა და კელი ლოფლერს რესოუბლიკელი ამომრჩევლის მობილიზებაში დაეხმაროს. თავად სენატორებიც საკუთარ ამომრჩეველს მეტი აქტიურობისა და სარეკლამო კამპანიისკენ მოუწოდებენ.
მაშინ, როდესაც ანალიტიკოსები შტატში რესპუბლიკელთა შიდა დაპირისპირებებზეც საუბრობენ, პენსი სავარაუდოდ, ყურადღების უშუალოდ სენატის არჩევნებზე გადატანას შეეცდება. ამასთან, ის შესაძლოა კანდიდატებს იმ რესპუბლიკელი და დამოუკიდებელი ამომრჩევლების ხმების მოზიდვაშიც დაეხმაროს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ჯო ბაიდენს ან სხვა კანდიდატს დაუჭირა.
ჯორჯიაში დემოკრატი სენატორი 1996 წლის შემდეგ არ აურჩევიათ. შტატში ჯო ბაიდენი სულ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. იქ მან ხმების 49.5 % მოიპოვა, დონალდ ტრამპმა კი - 49.2 %.
Facebook Forum