„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ პოლიტიკის დატოვების შესახებ ამ კვირის დასაწყისში უკვე მეორედ ამცნო საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან გადაწყვიტა „საბოლოოდ დატოვოს პოლიტიკა“ და „სრულად ჩამოსცილდეს მართვის სადავეებს“.
ივანიშვილის უდიდესი გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე და მისი „მართვის სადავეები“ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო დამკვირვებლისა და ანალიტიკოსის შეშფოთების საგანი იყო, ისევე, როგორც ოპოზიციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის მიზეზი.
„ამის შესახებ კითხვის ნიშნები ნამდვილად უნდა გაგვიჩნდეს. რადგან არ არსებობს რეალური ნიშანი იმისა, რომ მისი გავლენა შემცირდება ან მისი ანგარიშვალდებულება გაიზრდება. ასე რომ, ეს აღძრავს შეკითხვებს საქართველოში მმართველობის შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა გაიფანტოს“, - ამბობს სტივენ ბლენკი “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი და განმარტავს, რომ ივანიშვილის უკვე მეორე ამგვარი განაცხადის და მისი სანდოობის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. ბლენკი ასევე განმარტავს, რომ ივანიშვილის ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით მდგომარეობას უკეთესობისკენ არ ცვლის.
„საქართველოს არ აქვს დიდი პროგრესი დემოკრატიული მმართველობის კუთხით და იმ ადამიანების გავლენა, რომლებიც არავის წინაშე არ არიან პასუხისმგებელნი და ჩრდილიდან ფუნქციონირებენ, აძლიერებს დემოკრატიის ამ დეფიციტს. ეს განცხადება არაფერს ცვლის [სასიკეთოდ] ამ კუთხით“, - განმარტავს ბლენკი და დასძენს, რომ მდგომარეობის შესაფასებლად მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რეალურად შემცირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ მედიაშიც „ოლიგარქიულ გავლენაზე“ საუბრობდა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზიც“. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორი კვლევისა და ანალიზიც მიმართულებით, სარა რეპუჩი ამბობდა, რომ ეს ქვეყანაში არსებული გამოწვევების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა:
ის დიდწილად კმაყოფილია იმით, თუ საით მიდის საქართველო და სწორედ ეს მაშფოთებს. მე პირადად, არ მომწონს, საით მიდის საქართველო. ასე რომ, მისი გადადგომა მაფიქრებს: მგონია, ის ფიქრობს, რომ საქართველომ მისი ბუნდოვანი მმართველობის პირობებში კურსი შეიცვალა და ახლა თავდაჯერებულად შეუძლია წავიდეს იმაში დარწმუნებული, რომ ეს კურსი შენარჩუნდებადონალდ ჯენსენი
„საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი [შტოს მხრიდან] ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა“, - განაცხადა სარა რეპუჩიმ ერთ-ერთი იმ ანგარიშის მიგნებებზე საუბრისას, რომელშიც საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე იყო საუბარი. ორგანიზაცია რამდენიმე წელია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეფასებისას „ოლიგარქი აქტორების დიდ გავლენასა“ და „არაფორმალურ მმართველობაზე“ აკეთებს მთავარ აქცენტს.
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებით, მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" გამოკითხვებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაზე მაშინაც ახდენდა გავლენას, როდესაც ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ ეკავა. მათი უმრავლესობა კი ვინც ასე ფიქრობდა, ამბობდა, რომ ეს არ მოსწონდა.
გასული წლის ივნისში შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა, „ქართული ოცნების“ ლიდერს „პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეთა“ შორის მოიხსენიებდნენ. დოკუმენტის ეს ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების იმ პირებზე გავრცელებისკენ მოწოდებებს მოიცავს, რომლებიც „რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებენ“, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით.
„არსებული სანქციები არ მოიცავს პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს ძირს უთხრიან. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერის პოსტს იკავებდა, 2013 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა. მაშინ ოპონენტები ამას მმართველი გუნდის კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნას უკავშირებდნენ. თავად „ოცნების“ ლიდერები კი „პარტიის გაძლიერებისთვის“ ივანიშვილის როლზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ის „რეფორმების ახალ ტალღას“ დაიწყებდა.
თავად ივანიშვილი კი ამბობდა, რომ დაბრუნების მიზეზებს შორის იყო: „ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი“, „ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მისი ხელოვნურად დამამძიმებელ ფერებში წარმოჩენის მცდელობები“ და „ხელისუფლების შიგნით არსებული მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“.
ქართული ოპოზიცია 2020 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი ფუნქციონირებს, ივანიშვილი კი აცხადებს, რომ "ოცნების" გუნდს მისი „შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება“ შეუძლია, მან კი საკუთარი მისია შეასრულა.
დონალდ ჯენსენი, “ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის“ რუსეთისა და სტრატეგიული სტაბილურობის ცენტრის დერექტორი და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მკვლევარი ამბობს, რომ მას სწორედ ის აშფოთებს, რომ ივანიშვილი „მისიას“ შესრულებულად მიიჩნევს.
„ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში გადადგომა არის სიგნალი იმისა, რომ ის დიდწილად კმაყოფილია იმით, თუ საით მიდის საქართველო და სწორედ ეს მაშფოთებს. მე პირადად, არ მომწონს, საით მიდის საქართველო. ასე რომ, მისი გადადგომა მაფიქრებს, რადგან ყველა ყოველთვის იმის შესახებ სვამს კითხვას, თუ რას აპირებს ის. მგონია, ის ფიქრობს, რომ საქართველომ მისი ბუნდოვანი მმართველობის პირობებში კურსი შეიცვალა და ახლა თავდაჯერებულად შეუძლია წავიდეს იმაში დარწმუნებული, რომ ეს კურსი შენარჩუნდება“, - ამბობს ჯენსენი.
თუმცა საქართველოს მთავრობა კვლავ ივანიშვილის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში შეტანილ წვლილზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს „ძალაუფლების დათმობის“ უპრეცედენტო მაგალითია:
„ბოლო წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ოპოზიციონერთა ნაწილი ივანიშვილის ნაბიჯს პასუხისმგებლობისგან გაქცევად აფასებს, რეალურ ცვლილებებს კი მათი უმეტესობა არ ელოდება, რადგან მიიჩნევს, რომ მისი გავლენა ქვეყნის მმართველობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე კვლავ გაგრძელდება.
Facebook Forum