ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია: პასუხისმგებელობა ივანიშვილს ეკისრება


საქართველოს ოპოზიციამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემაზე და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გამოშვების საკითხზე 8 მარტს დადებულ შეთანხმებაზე იმსჯელა. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს.

"პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერ შეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება", - აცხადებს ოპოზიცია.

11 მაისს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის ელჩებმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ღიად მოუწოდეს 8 მარტის „ისტორიული შეთანხმება“ შეასრულოს. ელჩები, როგორც საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მარტის პოლიტიკური დიალოგის მთავარი ხელშემწყობი, განმარტავენ, რომ მიღწეული „შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.“

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მოწოდება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და შესაბამისად, 8 მარტს, მმართველი ძალა ვერ აიღებდა მათი გათავისუფლების ვალდებულებას“. პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებაში შუამავლად ჩართულ ელჩებს მოუწოდა დაედასტურებინათ, რომ ასეთი შეთანხმება არ შემდგარა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ შეთანხმების ნაწილის არ შესრულება, შეთანხმების ჩავარდნას გულისხმობს.

„არ შეიძლება მოლაპარაკებები მიდიოდეს, ამ მოლაპარაკებების დროს დათანხმდე რაღაცაზე და მერე რაც არ გაწყობს, ის არ შეასრულო და მოსთხოვო მეორე მხარეს, რომ დანარჩენი ნაწილი შეასრულეო. ასე არ ხდება ცხოვრებაში“, - თქვა მან „ტვ პირველის“ ეთერში.

შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, თინა ბოკუჩავამ და თქვა, რომ თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდა, პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს..

„გამომდინარე იქიდან რომ შეთანხმებას აქვს 2 ნაწილი, ის ან სრულდება მთლიანად ან ამ შეთანხმებას შლის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თუ ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს პოლიტიკურ პატიმრებს, ის პოლიტიკური პარტიები რომლებიც წარმოდგენილი ვართ პარლამენტში და მე ბუნებრივია ვსაუბრობ ენმ-ის სახელით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმიტომ რომ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა", - თქვა მან.

ევროპელი პარტნიორები

საქართველოს მთავრობის განცხადებას, პოლიტიკური დევნის საკითხებზე, ევროპარლამენტარებიც გამოეხმაურნენ. ევროპარლამენტარი გერმანიიდან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი მაიკლ გელერი აცხადებს, რომ ქართული ოცნება ცდის თუ რა რეაქცია ექნებათ დასავლელ მეგობრებს.

„ისინი ბედს ცდიან, კვლავ ელიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ისინი ელიან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“,- წერს გელერი. „ეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ნამდვილი ზრახვების ლაკმუსის ტესტია“,- წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.


რვა მარტის შეთანხმების შესრულების საკითხს გამოეხმაურა ასევე ევროპარლამენტისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წევრი ვიოლა ფონ კრამონი.

"ძალიან კარგია, რომ მთავრობა კორონავირუსის კრიზისს უმკლავდება, მაგრამ ზუსტად ასეთივე დასანანია ის, რომ მთავრობა პანდემიის გამოყენებით ცდილობს იმისთვის, რომ მარტის შეთანხმების დარღვევა გაამართლოს. კიდევ ერთი შეუსრულებელი პირობა საბოლოოდ დაუმკვიდრებს ქართულ ოცნებას არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორის სახელს“, - განაცხადა მან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ მათი ინფორმაციით შეთანხმება მოიცავდა პოლიტიკური დევნის საკითხებსაც.

„ჩვენ 8 მარტს ყველა მხარის მიერ მივიღეთ ინფორმაცია, რომ შეთანხმება იყო ისეთი, როგორიც იყო, თუკი ისინი ამტკიცებენ იმას, რაც სიმართლე არ არის, ეს, შესაძლოა, იქცეს დიპლომატიური სკანდალის საგნად. რა თქმა უნდა, ყოველთვის დიპლომატიურ დონეზე დარჩება და მედიაში ამაზე არ დაიწერება, მაგრამ შიგნით, პოლიტიკურად ეს იქნება უზარმაზარი პრობლემა, რადგან როდესაც არ შეგიძლია ენდო შენს პარტნიორებს, როგორ უნდა ითანამშრომლო და იმუშაო მათთან?" - თქვა გრეგოროვამ.

ქართული ოცნების პასუხი

დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, გამოეხმაურნენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ მოიცავდა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების საკითხს.

„8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა და ეს ტექსტშიც არის ასახული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს წაიკითხოს და მოისმინოს ასევე ის განცხადებები, რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ და რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები“, - თქვა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კი კრიტიკის პასუხად ყოფილი მთავრობის შესახებ ისაუბრა.

„ვისგან გვესმის ეს კომენტარები, გასაოცარია. სავსე ჰქონდათ პენიტენციალური სისტემა პოლიტპატიმრებით, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებით, ჟურნალისტებით და იმ ხალხით, ვინც მათი რეჟიმისთვის იყო მიუღებელი“, - განაცხადა თალაკვაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.

„ოპოზიციის ნაწილი ძალიან უსუსურად გამოიყურება, როდესაც ყველა ჯერზე ისინი იხმობენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და საზღვარგარეთ ჩვენი მეგობრები აავსეს წერილებით. ჯერ ერთი, რა დეზინფორმაციასაც ახორციელებენ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ამას კიდევ ცალკე შეფასებები მიეცემა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრების შეფასებებს ყურადღებით ვეკიდებით. მზად ვართ, მათთან ნებისმიერი საგნობრივი დისკუსიისთვის“, - თქვა მან.

ამერიკული მხარე

მიმდინარე დისკუსიას და საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. მან ქართულ მხარეს მოუწოდა მიღწეული შეთანხმება შეასრულოს.

„მე მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

ელჩების განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა ადამ კინზინგერიც, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე და აღნიშნა, რომ "უკიდურესად მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება საბოლოოდ შესრულდეს".

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების შუამავლობით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება გულისხმობს 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემით გამართვას. პარლამენტის პროპორციული წესით არჩეული - 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული - 30 დეპუტატით ფორმირებას. 8 მარტის შეთანხმებაში ასევე საუბარია სასამართლო სისტემის „არასათანადო პოლიტიზირების“ თავიდან აცილებაზე. ოპოზიციის განმარტებით, შეთანხმების ეს ნაწილი უგულავას, რურუას და ოქრუაშვილის გათავისუფლებას გულისხმობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG