ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი რიში საქართველოზე: მოველი სრულად შესრულდეს მარტის შეთანხმება


სენატორი ჯეიმს რიში
სენატორი ჯეიმს რიში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერზე“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ქართულ მხარეს მოუწოდებს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს.

„მე მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

11 მაისს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის ელჩებმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ღიად მოუწოდეს 8 მარტის „ისტორიული შეთანხმება“ შეასრულოს. ელჩები, როგორც საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მარტის პოლიტიკური დიალოგის მთავარი ხელშემწყობები, განმარტავენ, რომ მიღწეული „შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.“

ელჩების განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა ადამ კინზინგერიც, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე და აღნიშნა, რომ "უკიდურესად მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება საბოლოოდ შესრულდეს".

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მოწოდება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადეს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და შესაბამისად, 8 მარტს, მმართველი ძალა ვერ აიღებდა მათი გათავისუფლების ვალდებულებას“.

პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებაში შუამავლად ჩართულ ელჩებს მოუწოდა დაედასტურებინათ, რომ ასეთი შეთანხმება არ შემდგარა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების შუამავლობით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება გულისხმობს, 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტი არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემით გამართვას. პარლამენტის პროპორციული წესით არჩეული - 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული - 30 დეპუტატით ფორმირებას. ამასთან მხარეები 8 მარტს, მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზეც შეთანხმდნენ. ოპოზიციის განმარტებით, შეთანხმების ეს ნაწილი უგულავას, რურუას და ოქრუაშვილის გათავისუფლებას გულისხმობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG