ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის ელჩები: შეასრულეთ 8 მარტის ისტორიული შეთანხმება


ევროპის საბჭოს, აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ შეთანხმება დაიცვას
ევროპის საბჭოს, აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ შეთანხმება დაიცვას

საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის ელჩებმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ღიად მოუწოდეს 8 მარტის „ისტორიული შეთანხმება“ შეასრულოს. ელჩები, როგორც საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მარტის პოლიტიკური დიალოგის მთავარი ხელშემწყობები, განმარტავენ, რომ მიღწეული „შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.“

ელჩების განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა ადამ კინზინგერი, შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე და აღნიშნა, რომ "უკიდურესად მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება საბოლოოდ შესრულდეს!"

8 მარტს მიღწეული შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.
აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩების 11 მაისის განცხადებიდან

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მოწოდება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადეს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და შესაბამისად, 8 მარტს, მმართველი ძალა ვერ აიღებდა მათი გათავისუფლების ვალდებულებას“.

პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებაში შუამავლად ჩართულ ელჩებს მოუწოდა დაედასტურებინათ, რომ ასეთი შეთანხმება ბუნებაში არ არსებობდა.

„ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ მოლაპარაკების შინაარს. ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება“ - თქვა თალაკვაძემ.

ოპოზიცია თავის მხრივ აცხადებს, რომ შეთანხმების ბოლომდე შესრულების გარეშე, რომელიც თბილისის ყოფილი მერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეპატრონის ციხიდან გათავისუფლებასაც მოიცავს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეთანხმების დარღვევის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას "საერთაშორისო თაღლითი" უწოდა:​

"საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა ეს პოლიტიკური ძალა. რაღაც ახალს და განსაკუთრებულს არ ვამბობ, ეს საერთაშორისო თაღლითობა არამარტო საქართველოში და პოლიტიკაში ჩახედული ადამიანების მიერაა დანახული, ეს, სამწუხაროდ, არის სტილი, რომელზეც მიგვითითეს საერთაშორისო პარტნიორებმა. უკვე არაერთხელ, ვხედავთ კიდევ ერთ მარტივ, თაღლითურ მცდელობას, გაექცე პასუხისმგებლობას“ - დარწმუნებულია ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს."
აშშ-ის ელჩი და ევროკავშირის ელჩები, 11 მაისის განცხადებიდან


მმართველი ძალის მოწოდების შემდეგ, აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა საღამოს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

„8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა.

ჩვენ, როგორც დიალოგის ინიციატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ.

ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ - ხაზგასმულია ელჩების განცხადებაში.

ელჩების განცხადება ხელისუფლების ვერსიის გამყარებად მიიჩნია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა კობახიძემ, ამ განცხადებამ პრაქტიკულად მოსპო სივრცე ყოველგვარი სპეკულაციისთვის" - თქვა მან.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების შუამავლობით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება გულისხმობს, 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტი არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემით გამართვას. ახალი პარლამენტის პროპორციული წესით არჩეული - 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული - 30 დეპუტატით ფორმირებას. მხარეები 8 მარტს, მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზეც შეთანხმდნენ. ოპოზიცია განმარტავს, რომ შეთანხმების სწორედ ეს ნაწილი გულისხმობს უგულავას, რურუას, ოქრუაშვილის და სხვათა გათავისუფლებას.

ექსპერტების აზრით, ახალი დაპირისპირება საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის გაზრდისა და პოლიტიკური კრიზისის უფრო გაღრმავების დიდ საფრთხეს შეიცავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG