ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიძინა ივანიშვილი: "ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება“


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის საპარალემნტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ქვეყნის პრემიერი ისევ გიორგი გახარია, ხოლო პარლამენტის სპიკერი ისევ არჩილ თალაკვაძე იქნებიან. სწორედ ეს ორი პოლიტიკოსი უდგას სათავეში „ოცნების“ საარჩევნო სიას.

მმართველი პარტიის სიის პირველი ოცეულის დასახელებას მთაწმინდის პარკში „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ძველი სახეებიდან სიის პირველ ოცეულში მოხვდნენ ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, გიორგი კახიანი და ბექა დავითულიანი. „ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი ბრძენია“

"საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება". ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელების ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგიერთები კი ეწინააღმდეგებოდნენ მდარე ვიწროპარტიული ინტერესების გამო.

მინდა იცოდეთ, ,,ქართული ოცნება” კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, გვირაბების, უნივერსიტეტების, სკოლების და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას, ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას
ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების ლიდერი


მინდა იცოდეთ, ოცნება კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, გვირაბების, უნივერსიტეტების, სკოლების და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას, ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მე არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით თავმოწონება და ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიიის პირველ ოცეულში ორი ყოფილი სპორტსმენი შეიყვანა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე, რომელიც ივანიშვილის ვაჟის ბერას ახლო მეგობარია; და, საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი ცენტრი დავით კაჭარავა.

„ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული

  1. გიორგი გახარია, პრემიერი, პრემიერობის კანდიდატი
  2. არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის სპიკერი, სპიკერობის კანდიდატი
  3. ირაკლი კობახიძე, „ოცნების“ აღმსარულებელი მდივანი
  4. თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი
  5. მამუკა მდინარაძე, პარლამენტის სპიკერის მოადგილე
  6. კახა კუჭავა, პარლამენტის სპიკერის მოადგილე
  7. გიორგი კახიანი, პარლამენტის სპიკერის მოადგილე
  8. მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
  9. მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
  10. მაია ბითაძე, თბილისის მერის მოადგილე
  11. მიხეილ დაუშვილი, ბიზნესომბუდსმენი
  12. გიორგი ამილახვარი, თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი
  13. ვიქტორ სანიკიძე, საბერძნეთის „არისის“ სპორტული დირექტორი
  14. მაკა ბოჭორიშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩის მოადგილე
  15. შალვა პაპუაშვილი, გერმანიის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი
  16. დავით კაჭარავა, ყოფილი მორაგბე
  17. ნიკოლოზ სამხარაძე, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი
  18. გიორგი ხელაშვილი, პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი
  19. მარიამ ლაშხი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსი
  20. ბექა დავითულიანი, თბილისის საკრებულოს წევრი

XS
SM
MD
LG