"მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოქვეყნებულ წერილში.
ივანიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" გუნდს მისი „შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება“ შეუძლია, მან კი საკუთარი მისია შეასრულა და „კერძო ცხოვრების წესს“ უბრუნდება.
"ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას", - ამბობს ივანიშვილი.
ივანიშვილმა წერილში ოპოზიციაც გააკრიტიკა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება.
"ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება", - ნათქვამია ივანიშვილის წერილში.
ამის საპირისპიროდ კი ივანიშვილის განმარტებით, "ოცნების მმართველობის 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა და დამოკრატია იყო".
„მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა“, - წერს ის.
ივანიშვილის მიერ პოლიტიკის უკვე მეორედ დატოვებას გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლებაშიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ „ბოლო წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა". მისი თქმით, ივანიშვილი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება, როდესაც შენ მიერ მართულ ძალას მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს.
"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შაბათს, 16 იანვარს ყრილობას გამართავს და ახალ თავმჯდომარესა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
კობახიძე, რომელიც ამ დრომდე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოზიციას იკავებდა, 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოუხდა, ამბობს, რომ ივანიშვილის წასვლა პარტიისა და ქვეყნისთვის "სერიოზული" გამოწვევაა.
„პოლიტიკიდან წასვლით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო. სწორედ ამ სულისკვეთებით შეიტანა მან დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და დაამკვიდრა ახალი კონსტიტუციური წესრიგი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის სერიოზული გამოწვევა როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ისე ქვეყნისთვისაც“, - ამბობს კობახიძე.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კი ივანიშვილის ამ განცხადებას "უპასუხისმგებლობად" მიიჩნევს.
"უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას რვა წელიწადი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელი. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობის დროს, პრაქტიკულად ორნახევარჯერ დევალვირდა ეროვნული ვალუტა, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო. უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ, მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, მიტაცებულია თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შენზე არის და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზე“, - თქვა უგულავამ.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნის ახალი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი იყო, პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ მიდის. პირველად, პოლიტიკიდან წასვლის და სამოქალაქო საზოგადოებაში მოღვაწეობის გაგრძელების შესახებ, ის 2013 წელს პრემიერი პოსტიდან გადადგომისას აცხადებდა.
მოგვიანებით, 2018 წელს ის პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ოფიციალურად აირჩიეს.
წარსულში, მიუხედავად ივანიშვილის მიერ 2013 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვებისა არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები მმართველ პარტიაზე ივანიშვილის დიდ გავლენასა და არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდნენ.
Facebook Forum