ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაცი საარჩევნო რეფორმაზე: ვაშინგტონში და ბრიუსელში შვებით ამოისუნთქეს


როგორ აფასებენ ვაშინგტონში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას, მედია თავისუფლებას და წინასაარჩევნო გარემოს, ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის მარშალის ფონდის უფროსს მკვლევართან, ჯონათან კაცთან.

დიდი მადლობა, შეთანხმებით დავიწყოთ რომელიც ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის იქნა მიღწეული. ეს შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა შეაფასეს, როგორც პოზიტიური ნაბიჯი. როგორ ხედავთ თქვენ ამ შეთანხმებას?

ვაშინგტონში და დარწმუნებული ვარ ბრიუსელშიც ასეა, ჩვენ ძალიან გაგავახარა იმის ნახვამ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხეს მოლაპარაკება და საარჩევნო გამოწვევის გადალახვა. არჩევნები რამდენიმე თვეშია და საქართველოს დემოკრატიისთვის არჩევნების შეთანხმების გარეშე ჩატარება, კატასტროფული იქნებოდა. ვაშინგტონში და სხვაგან შვებით ამოისუნთქეს. თუმცა, შეთანხმების განხორციელება უნდა მოხდეს.

ასევე სხვა საკითხებიც დგას, მაგალითად პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაპატიმრება. ეს საკითხი უნდა გადაიჭრას. ერთის მხრივ, ყველას უხარია, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნა. მაგრამ, ბევრი რამ უნდა მოხდეს, რათა უზრუველყოფილი იყო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები საქართველოში.

ვაშინგტონში და დარწმუნებული ვარ ბრიუსელშიც ასეა, ჩვენ ძალიან გაგავახარა იმის ნახვამ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხეს მოლაპარაკება და საარჩევნო გამოწვევის გადალახვა.

თუმცა, როცა დიდ სურათს უყურებ, კითხვა არის ის, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს დემოკრატია, როგორ წაიყვან მას წინ? ნატოსთან ინტეგრაცია იქნება, თუ ევროკავშირი. ამერიკელმა კანონმდებლებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ეს საკითხები გამოჰყვეს და ამ საკითხების ნაწილი ჯერ ისევ გადასაწყვეტია.

და სწორედ ამაზე, შეთანხმების მიღწევამდე თქვენ ერთ-ერთი იყავით, რომელიც საქართველოს მთავრობას დასავლელი პარტნიორების რჩევების გათვალისწინებისკენ მოუწოდებით. თქვენ გამოჰყავით ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ, ამ ნაწილში გარკვეულ აზრთა სხვავადასხვაობას ვხედავთ. რას ეტყოდით საქართველოს მთავრობას ამაზე?

პირველ რიგში, მინდა შევაქო მთავრობა და ოპოზიცია. ბევრი ჩვენგანი მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ და კომპრომისისკენ მოვუწოდებდით. ეს ასეც მოხდა. მათი მხრიდან იკვეთება სურვილი, იქნება ეს მათი პოლიტიკური საჭიროებების თუ დასავლეთის თუ პარტნიორების ზეწოლიდან გამომდინარე, რომ შეძლონ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა. ვფიქრობ მთვრობას აქვს ყველა შესაძლებლობა და ძალაუფლება, კანონის გვერდის ავლის გარეშე, რათა ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს. თუ მოლოდინი არის, რომ დასავლეთი, ქართული საზოგადოება და სამოქალაქო საზოგადოება ამ საკითხებზე ყურადღებას არ გაამახვილებს, მაშინ „ქართული ოცნება“ არასწორად აღიქვამს [მათ] განზრახვას. ყველაზე მნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ, არა ეს შეთანხმება, არამედ ისაა, რამაც ის გამოიწვია.

ხალხი, ქართულ საზოგადოებაში, თვლის რომ საარჩევნო სისტემა არაა თავისუფალი და სამართლიანი. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, ლიდერებმა, ოპოზიციამ და ყველამ, ვინც აქტიურია, მათ შორის მოქალაქეებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ, ეს არსებული პრობლემები გადაწყვიტონ. ვფიქრობ დასავლელი პარტნიორები ამაზე საუბარს გააგრძელებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობას, “ქართულ ოცნებას“, როცა მას სურს, შეუძლია დაჯდეს და ეს საკითხები გადაჭრას. ახლა უნდა ველოდოთ თავის მართლებას, თუ რატომ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. თუმცა, ახლა როცა ერთ მთავარ საკითხზე შეთანხმება მოხდა, დროა სხვა საკითხებიც გადწყდეს.

ვფიქრობ, ზოგადად, საქართველოს დემოკრატია, საარჩევნო სისტემა უფრო მეტად ჯანსაღი იქნება ახლა და მომავალაშიც თუ პრეცედენტი შედგება. "ქართული ოცნება" თუ ნებისმიერი მთავრობა, ამ შემთხვევაში უნდა ეცადოს, რომ არ ჰქონდეს ადგილი პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ დაკავებებს და ე.წ. დევნას. დემოკრატიებში ამის უზრუნველყოფა უბრალო სტანდარტია. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ აქვს ამ პრობლემების გადაჭრის გამოცდილება წარსულში და მოლოდინი არის, რომ ისინი ამ საკითხებსაც გადაწყვეტენ.

ქართული ოცნება თუ ნებისმიერი მთავრობა, ამ შემთხვევაში უნდა ეცადოს, რომ არ ქონდეს ადგილი პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ დაკავებებს და ე.წ. დევნას. დემოკრატიებში ამის უზრუნველყოფა უბრალო სტანდარტია.

საქართველოში ოქტომბერში მნიშვნელოვანი არჩევნები ახლოვდება. შეთანხმება მიღწეულია, თუ ის შენარჩუნდება. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს მთავრობის და ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი?

საარჩევნო კამპანიის დროს, ისინი ფოკუსირებულნი იქნებიან მიმდინარე საკითხებზე. თუ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს დაბრკოლება შეექმნება, ეს დაბრკოლებები შემოდგომამდე უნდა გადაიჭრას. თუმცა, ვფიქრობ, მთავარი რამ იქნება [საარჩევნო] პროგრამა და აქტივობები. რა პროგრამა აქვს ოპოზიციას, რა არის მათი გეგმა ქართველი ხალხისთვის, ეს საკითხები არ უნდა დაიკარგოს. საქართველო, ისევე როგორ შეერთებული შტატები, ჯანდაცვის კრიზისს უმკლავდება, კოვიდ-19-ის სახით. მნიშნელოვანია, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად გაუკმლავდეს ამ კრიზისს. ისევე როგორც ერთიანობა ჭირდება, რუსეთთან გამკლავებას.

მაშინ როცა დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება, ამ დიდი კრიზისით იქნება მოცული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, ამ არჩევნებზე, გასაგები იყოს რომ არსებობს ქვეყნის წინსვლის საერთო ხედვა. წარსულში, სამწუხაროდ ვიხილეთ პოლიტიკური სამაგიეროების გადახდა ორივე მხარეს. ოპოზიციაც, რომელსაც არ ჰქონდა ნათელი ხედვა, რა უნდა გაეკეთებინა ეკონომიკურად, პოლიტიკურად, თუ კანონის უზენაესობის კუთხით. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ არ წავიდეს უფრო ღრმა პოლიტიკური ზრდასრულობისკენ, იმისკენ, რაც ზოგჯერ ჩვენც გვაკლია შეერთებულ შტატებში. ეს გულისხმობს პასუხისმგებლიან მთავრობას და პასუხისმგებლიან ოპოზიციას. მე უფრო მეტად ვხედავ პოლიტიკურ ქიშპობას და ნაკლებად იმას, თუ რა სურთ პოლიტიკურ პარტიებს გააკეთონ საქართველოსთვის. ეს ყველა პარტიას ეხება. ამიტომ იმედი მაქვს ისინი უფრო მეტად ფოკუსირებულნი იქნებან იმაზე, თუ რას გააკეთებენ ქართველებისთვის და - ნაკლებად საკუთარ თავზე.

კორონავირუსის გამო, საზოგადოების ერთი ნაწილი, უფრო მეტი საფრთხის წინაშეა დღეს. საქართველო აშშ-სთან და დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობს, თუმცა ამ მომენტში, ამ საკითხთან გასაკმლავებლად, საჭიროა პოლიტიკური ზრდასრულობის და წინდახედულობის გამოჩენა.

ოპოზიციის სხვადასხვა მოთამაშეები კრიზისის დროს გაერთიანდნენ, მათ ძალზედ განსხვავებული შეხედულებები აქვთ, იქნება ეს საშინაო პოლიტიკის თუ საგარეო პოლიტიკის კუთხით, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნება ამ ერთიანობის შენარჩუნება?

პოლიტიკურ წელს რთულია ამის შენარჩუნება. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებისკენ მიისწრაფვიან. თუმცა გამომდინარე საქართველოში არსებული სიტუაციიდან, გამოწვევიდან, საფრთხისგან იქნება ეს საშინაო თუ საგარეო, ეს ისეთი მომენტია, როცა ერთიანობა ამ საკითხების გადასაჭრელად, უზომოდ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ქართველ ხალხს აზარალებს. და ყველამ ვიცით, რომ კორონავირუსის გამო, საზოგადოების ერთი ნაწილი, უფრო მეტი საფრთხის წინაშეა დღეს. საქართველო შეერთებულ შტატებთან და დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობს, თუმცა ამ მომენტში, ამ საკითხთან გასაკმლავებლად, საჭიროა პოლიტიკური ზრდასრულობის და წინდახედულობის გამოჩენა. იმედი მაქვს, რომ ადამიანები მოახერხებენ ამასთან გამკლავებას. ეს შესაძლოა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყოს. ჩრდილოეთიდან მომდინარე აგრესიული ომების მსგავსად, რომელსაც ის აქამდე უმკლავდებოდა. ახლა მას მოუწევს შიდა გამოწვევის გადალახვა.

თქვენ ცოტა ხნის წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს ესაუბრეთ, ვიდეო ჩართვით. ახლა უკვე იმ დროს არსებული კრიზისი გადაიჭრა, ვნახავთ რა მოხდება შემდეგ. თუმცა, სხვა საკითხები კვლავ რჩება, მაგალითად მედია თავიუფლებასთან და აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებლი მოვლენები, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წევრები და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები აფასებენ, როგორც კრიტიკული ხმის ჩახშობას. ამ და სხვა საკითხების გათვალისწინებით, მაგალითად ფეისბუქის და ტროლების გარშემო განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, როგორ შეფასებდით ქართული დემოკრატიის მდგომარეობას?

სამოქალაქო საზოგადოებას უდავოდ კრიტიკული როლი აქვს. და მათი შეშფოთება, ქვეყნის შიდა მიმდინარე მოვლენებზე იყო სწორედ ის, რაზეც ამერიკელი კანონმდებლები საუბრობდნენ. ვფიქრობ, დაკვირვება იმაზე, თუ როგორ შესრულდება ეს შეთანხმება და რამდენად ასრულებენ პოლიტიკური პარტიები საკუთარ პასუხისმგებლობას, გაგრძელდება. ვფიქრობ, ისინი გააგრძელებენ და სწორადაც მოიქევიან, იმის აღნიშვნას, თუ რა არის დასახვეწი.

საქართველოში მედია თავისუფლების ირგვლივ შეშფოთება რჩება, ეს უკვე რამდენიმე წელია ასეა.

რეალურად ბევრი გამოწვევაა, იქნება ეს მედია, სასამართლო რეფორმა თუ მისი ნაკლებობა თუ პოლიტიკური პარტიების მხრიდან პროგრამების არქონა. [სამოქალაქო საზოგადოება] მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, რომ იპოვონ გზა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამოქალაქო საზოგადოება დღევანდელი მთავრობის მხრიდან, სამიზნედ გადაიქცა. ეს მიუღებელია. როცა ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებზე თავდასხმას, ეს აჩვენებს დემოკრატიის კუთხით პრობლემას, და ამას შესაძლოა არჩევნებზე ჰქონდეს გავლენა. ამიტომ, თავდასხმის ნაცვლად, მათ ხელი უნდა შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებას, ითამაშონ პოზიტიური როლი, რათა მათ მოახერხონ პარტიებთან თანამშრომლობა და დახმარება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროგრამა, თუ სასამართლო რეფორმა. ბევრი პრობლემა რჩება, რაც გადასაჭრელია.

თუმცა, კითხვას დავუბრუნდები, საარჩევნო წელია და მედია გარემო მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიხილეთ აქამდე განვითარებული მოვლენები, აჭარის ტელევიზიის საკითხი იქნება, თუ მანამდე რუსთავი 2-ის თემა. ეს აჩენს კითხვებს მედია თავისუფლების გარშემო მომავალი არჩევნების კონტექსტში, ამაზე რას იტყოდით?

დიახ, საქართველოში მედია თავისუფლების ირგვლივ შეშფოთება რჩება, ეს უკვე რამდენიმე წელია ასეა. დამოუკიდებელი მედიის, დამოუკიდებელი ხმის არსებობა, რომელიც არ არის გავლენის ქვეშ, არ არის პოლიტიკური პარტიების საკუთრებაში, ძალზედ მნიშვნელოვანია. რატომ? იმისთვის რომ ქართველ ხალხს ქონდეს საშუალება განსაზღვროს, რომელი პარტია წარმოადგენს იმ მომავალს, რომელიც მას სურს და ეს უნდა იყოს დაცლილი ცრუ ამბებისგან. ჩვენ ვიხილეთ „ფეისბუქის გარშემო განვითარებული მოვლენები. თუმცა, თქვენ ასევე უმკლავდებით რუსულ საფრთხეს, კიბერ-საფრთხესაც. საქართველოში როცა თავისუფალ მედიას ეხება საქმე, გამოწვევების ერთიანობააა. საქმე გვაქვს გარედან მავნე ქმედებებთან, რომლებიც გავლენის მოხდენას ცდილობს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მედიის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი.

ვიხილავთ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შევლენ და რომელთაც აქვთ მხარდაჭერა ან იხრებიან მოსკოვისკენ.

ცოტა ხნის წინ, ესტონეთის სადაზვერვო სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოს მომავალ არჩევნებზე გავლენის მოხდენას. რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას და ფიქრობთ თუ არა რომ მოსკოვი მართლაც შეეცდება საქართველოს არჩევნებზე ზეგავლენას?

ისინი უდავოდ შეეცდებიან ამას. ეს მცდელობა არსებობდა და არსებობს. შეთანხმებით, საარჩევნო ბარიერი 1 პროცენტია, აქედან გამომდინარე, ვიხილავთ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შევლენ და რომელთაც აქვთ მხარდაჭერა, ან იხრებიან მოსკოვისკენ. ამიტომ მოსალოდნელია, რომ [მოსკოვი] შეეცდება მათ დახმარებას, ან მათი ოპონენტების წინააღმდეგ წავა. ეს ნამდვილად იქნება პრობლემა.

როგორ ფიქრობთ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი [საარჩევნო] გარემოა?

ახლა უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ორი კვირის წინ იყო. თუმცა ბევრი მიმართულებაა, რაზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის მიზანში ამოღება, მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ასევე, იმ სხვა რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც არჩევნებს შეეხება. ახალი გარემოებების, ფორმულის, გათვალისწინებით, პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ მონახონ თანამშრომლობის გზები. ჯერ ამას ვერ ვხედავ.

[საარჩევნო სისტემის] ახალი ფორმულის გათვალისწინებით, შეიძლება პრობლემური სიტუაცია შეიქმნას. ახალ პარტიებს ვიხილავთ მალე და მთავარი, რაც ბევრს აღელვებს, შედარებით ახალი პოლიტიკური პარტიების მიზანში ამოღებაა, წინასაარჩევნო პერიოდში. მათთვის საშუალების არმიცემა, რომ თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაატარონ კამპანია. მათ არ ექნებათ იგივე შანსი, თუ [საჭირო] პროცენტი პარლამენტში, შეიძლება ვერც კი შევიდნენ პარლამენტში. საკმარისი არაა მხოლოდ შეთანხმება და [ამის მიუხედავად] მერე ამ პარტიებზე ზეწოლის მოხდენა, იქნება ეს „ქართული ოცნების“ თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქ, შეერთებულ შტატებში, ამას დააკვირდებიან, რათა უზრუნველყონ, რომ არსებული იმედების შესაბამისი ვითარება გვქონდეს.

და სწორედ, რაც შეეხება საარჩევნო სისტემას: ახალი სისტემით, დაბალი ბარიერით შესაძლოა კოალიციური მთავრობის სცენარი მივიღოთ. საქართველოს მთავრობა აქამდე აცხადებდა, რომ ეს რისკებს შეიცავს და არასტაბილურობას გამოიწვევს. ეთანხმებით ამ შეფასებას, რომ პროპორციული სისტემა და კოალიციური მთავრობა შესაძლოა არასტაბილურობის წყარო გახდეს?

ვფიქრობ, ქართველ ხალხს გამჭვირვალე სისტემის უზრუნველყოფა სურს. არ ვიცით, ვის ექნება უმრავლესობა და ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას, ეს ყოველთვის რისკის შემცველია. თუმცა, უფრო დიდი რისკი საქართველოს დემორატიისთვის ისაა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ერთ პოლიტიკურ პარტიას, ერთი ადამიანი აკონტროლებს, და ეს ქმნის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ერთი პარტიის ძალაუფლებაში დარჩენას, გადარჩევის ნაცვლად.

უფრო დიდი რისკი საქართველოს დემორატიისთვის ისაა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ერთ პოლიტიკურ პარტიას, ერთი ადამიანი აკონტროლებს.

რუსეთს თუ შეხედავ დღეს, რუსეთის პარლამენტმა 2030-იან წლებამდე გაუგრძელა პუტინს ვადა, ან საზღვრის მიღმა თურქეთს, ერდოღანს თუ შეხედავ, ნახავ, რომ აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად ყრვნის. თუ საქართველო აქეთკენ მიდის, ეს ქართველი ხალხისთვის კარგი არაა. გამოკითხვები აჩვენებს, თუ საით სურს ქართველ ხალხს სვლა და ქართველები ნამდვილად არ დაუშვებენ საქართველოს ამ მიმართულებით წასვლას. საქართველო რთულ სივრცეშია [რეგიონშია] მოქცეული და მას უნდა ჰყავდეს ლიდერები, რომლებიც საუკეთესო შესაძლებლობას შექმნიან სწორი მიმართულებით სვლისათვის.

და ბოლოს, რა შეუძლია ვაშინგტონს და ბრიუსელს, იმისთვის რომ უზრუნველყოს მომავალი არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება?

ვფიქრობ ის, რასაც ახლა ვხედავთ: მთავრობასთან საუბრებში პოლიტიკური ზეწოლა, რათა მათ სწორი ნაბიჯი გადადგან. უდიდესი წნეხი მთავრობისთვის, დღეს ნათლად ისაა, რომ როცა ისინი უყურებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ არსებობს უკმაყოფილება [საზოგადოებაში] იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი ქვეყანაზე.

რაც შეეხება ამერიკას და სხვებს, დამოკიდებულება ასეთია: თუ სწორი მიმართულებით წახვალთ, ჩვენ ვეცდებით კარი გავაღოთ ეკონომიკური თანამშრომლობის, თუ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. თუ გზიდან გადაუხვევთ, ეს ძალიან რთულ ვითარებას შექმნის ახლო მომავალში.

უფრო ექსტრემალური ნაბიჯი, სანქციებია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჯერ ამ ეტაპზე არ ვართ. მაგრამ, ვიხილეთ მოლდოველი ოლიგარქი, რომელსაც სანქციები დაუწესეს, ბატონო პლაჰოტნიუკი. ეს აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ მიმართულებით წავა, თუ ნახავს, რომ ადგილი აქვს ადამიანი უფლებების დარღვევას და კორუფციას. არ ვფიქრობ, რომ ჯერ ამ სიტუაციაში ვართ. თუმცა, ამაზე დაფიქრება ღირს.

ვფიქრობ, ევროკავშირს აქვს უფრო მეტი ბერკეტი, ვიდრე შეერთებულ შტატებს. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ესაუბრება საქართველოს და თუ „ქართული ოცნება“ სწორ ნაბიჯებს დგამს, და ვნახეთ, რომ მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ, თუ საჭიროებას ხედავენ, ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი საქართველოს მხარდაჭერის აქტზე. როგორ დავეხმაროთ საქართველოს? როგორ შევქმნათ ეკონომიკური ინიციატივები, განვიხილოთ სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობა და წინ წავიდეთ.

მე ვთვლი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. ვითარება რთულია, თუმცა საქართველომ დაამტკიცა, რომ ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია და ბევრ ნაბიჯს დგამს წინ. და ეს არა ივანიშვილის თუ სააკაშვილის დამსახურებაა, არამედ იმის, რომ ქართველ ხალხს სურს ამ მიმართლებით სვლა. სწორედ ესაა საქართველოს სიძლიერე. საქმე არა ლიდერებში, არამედ ქართველ ხალხშია. იმედი მაქვს, შეერთებული შტატები და ევროპა იპოვის უკეთეს გზას, რათა დაუჭიროს მხარი ქართველი ხალხის სურვილებს და ეკონომიკურ საჭიროებებს და მისცემს მათ ნათელ კურსს და მიმართულებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG